საპროტესტო გამოსვლები სომხეთში

სომხეთის პოლიციამ დემონსტრაციების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

www.interfax.ru

სომხეთის პოლიციამ დემონსტრაციების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. უწყების მიერ გავრცლეებულ განცხადებაში აღნიშნულია:

"პოლიციის მხრიდან მრავალრიცხოვანი მოწოდების მიუხედავად, ნიკოლ ფაშინიანი აგრძელებდა უკანონო მსვლელობას არცახის ქუჩაზე და მოქალაქეებს მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა.

სომხეთის პოლიცია აცხადებს, რომ მიტინგის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ორგანიზატორების ყველა ქმედება უკანონოა. აქციის მონაწილეები ვალდებულნი არიან დატოვონ აქციის ჩატარების ტერიტორია", - აღნიშნულია განცხადებაში.

სომხეთის პოლიციის თქმითვე, აქციის დაშლის შესახებ გადაწყვეტილება "შეკრების თავისუფლების" შესახებ კანონის 33-ე მუხლზე დაყრდნობით მიიღეს და საშუალებები სიტუაციიდან გამომდინარე გამოიყენეს.

გარდა ამისა, პოლიცია ადასტურებს აქციის ლიდერების, ნიკოლ ფაშინიანის, არარატ მირზოიანის და სასუნ მიქაელიანის დაკავებას. 

უწყება მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ მიტინგების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაშია, რის გამოც მოქალაქეები ვალდებულნი არიან თავი შორს დაიჭირონ აქციის ჩატარების ადგილებიდან.

"პოლიციას მხოლოდ ამ გზით შეუძლია თავი შეიკავოს იძულებითი საშუალებების გამოყენებისგან", - აღნიშნულია განცხადებაში.

ერევანში პოლიციამ სპეციალური საშუალებების გამოყენებით საპროტესტო აქციის დაშლა დღეს დაიწყო.

ამ მოვლენებს წინ უძღვოდა პოლიციის მიერ ქუჩის გადაკეტვა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა კორდონის გარღვევა სცადეს და მათსა და პოლიცას შორის დაპირისპირება მოხდა. სწორედ ამ დროს დააკავეს ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი, შემდეგ კი აქციის სხვა მონაწილეები.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 22 აპრილს, დილით, ერევანის სასტუმრო Marriott Armenia-ში ნიკოლ ფაშინიანსა და სომხეთის პრემიერმინისტრ, სერჟ სარგსიანს შორის მოკლე შეხვედრა შედგა. ფაშინიანმა განაცხადა, რომ უნდა განიხილონ პრემიერის პოსტზე სარგსიანის დარჩენის პირობები, რის შემდეგაც სომხეთის პრემიერმინისტრმა ოპოზიციონერი შანტაჟში დაადანაშაულა და სასტუმრო დატოვა.

სწორედ ამის შემდეგ მსვლელობა ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით და ის მალევე დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ერევანში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მოქალაქეების პარლამენტის მიერ პრემიერმინისტრის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატის, ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ. 

მომიტინგეებს გადაკეტილი აქვთ ცენტრალური ქუჩები. ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ისინი სამთავრობო შენობების ბლოკადაში მოქცევასაც გეგმავენ. 

სარგსიანი პრეზიდენტის პოსტს 2008 წლიდან იკავებდა. 2 მარტს სომხეთის პარლამენტმა პრეზიდენტის პოსტზე მხარი სერჟ სარგსიანის კანდიდატურას დაუჭირა. 2014 წელს რეფერენდუმის შემდეგ ქვეყნის საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ, სარგსიანმა განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობაზე კენჭს არ იყრიდა. ოპოზიცია და მომიტინგეები მას ამ პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ.

კომენტარები