საპროტესტო გამოსვლები სომხეთში

სომხეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

Amos Chapple

სომხეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. აქციის მონაწილეები ერევნის მთავარ - რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. 

პარლამენტის წევრმა, ლენა ნაზარიანმა აქციაზე შეკრებილებს მოუწოდა, გაფიცვა გამოაცხადონ. 

"ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს პროტესტს, რათა სერჟ სარგსიანი გადადგეს. ჩვენს ქმედებებს მშვიდობიანი ხასიათი აქვს. დაე,დაგვაკავონ, მაგრამ ჩვენ არ უნდა გამოვიყენოთ ძალა. გამოაცხადეთ გაფიცვა, არ იაროთ უნივერსიტეტებში და დილიდან ყველგან აქციები დაიწყეთ", - თქვა მან. 

მისივე თქმით, დღეს დაკავებულმა ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის მომხრეებს მოუწოდა, ღამე ქუჩებში არ დარჩნენ, რათა პოლიციამ ძალა არ გამოიყენოს

ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი, რომელიც საპროტესტო გამოსვლებს სათავეში ედგა, დღეს, მას სერჟ სარგსიანთან შეხვედრის შემდეგ დააკავეს. 

თავად შეხვედრა სულ 3 წუთს გაგრძელდა - პაშინიანმა სარგსიანს პრემიერმინისტრის პოსტის დატოვება მოსთხოვა, სარგსიანმა კი თქვა, რომ ეს შანტაჟია და დარბაზი დატოვა.

აქციის მონაწილეები პაშინიანის წინამძღოლობით ერებუნის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრისკენ მიემართებოდნენ, გზად მათ პოლიციელების კორდონი დახვდათ. დემონსტრანტებმა კორდონის გარღვევა სცადეს და მათსა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. პაშინიანი სწორედ ამ დროს დააკავეს. 

მთლიანობაში, აქციებზე დაკავებულთა რიცხვი 200-ს აღწევს. 

აქციის მონაწილეები სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრად დანიშვნას აპროტესტებენ - პარლამენტმა ამ პოსტზე სარგსიანი ერთადერთ კანდიდატად დაასახელა. სომეხი ხალხი ფიქრობს, რომ თუ სარგსიანი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დარჩება, ძალაუფლებას სამუდამოდ შეინარჩუნებს, ვინაიდან 2015 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიკვეცა, პრემიერმინისტრის კი - გაიზარდა. 

სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტის პოსტს 2008 წლიდან იკავებდა. 

კომენტარები