საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გორის მაჟორიტარის კომპანია დააჯარიმა

ick.ge

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც უწყებამ გორის მაჟორიტარის იოსებ მაკრახიძის კუთვნილი კომპანია "იბოლია" 27 ათასი ლარით დააჯარიმა. "იბოლიასთან" ერთად დაჯარიმდა კომპანია "სს ინსტიტუტი იგჰ". დაჯარიმების მიზეზი 19 აპრილს იბოლიას მიერ ცენტრალური მაგისტრალის 1.5 საათით გადაკეტვა გახდა. 

"19 აპრილს, ორმოული შეკეთების სამუშაოების განხორციელებისას, საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორმა კომპანიამ - შპს „იბოლიამ“, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა 1.5 საათით ჩაკეტა, ნაკადი კი გორის გვირაბის შემოვლით გზაზე გადაერთო.

შპს „იბოლიამ “მოძრაობის შეწყვეტის შესახებ არ შეატყობინა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რის გამოც არ მოხდა საზოგადოების დროული ინფორმირება.

დეპარტამენტმა კონტარქტორი ორგანიზაციისა და ზედამხედველი კომპანიის მიმართ მიიღო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. კერძოდ, შპს „იბოლია“, ხელშეკრულების შესაბამისად დაჯარიმდა 27 505.8 ლარით, ხოლო საზედამხედველო კომპანია „სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ - 45 384.57 ლარით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს კონტრაქტორ ორგანიზაციებს, დაიცვან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დროულად მოახდინონ დეპარტამენტის ინფორმირება ყველა საკითხთან დაკავშირებით, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები", - წერია განცხადებაში.

იოსებ მაკრახიძე "იბოლიას" 40%-იან წილს ფლობს, დანარჩენი წილები კი მის ნათესავებზე (ოფელია მაკრახიძე, მარინა მაკრახიძე) აქვს რეგისტრირებული. კომპანიას გასული წლების განმავლობაში საერთო ჯამში 80 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული.

კომენტარები