სიღარიბე

კობახიძე: ეკონომიკური ზრდით, რამდენიმე წელში საბოლოოდ აღმოვფხვრით სიღარიბეს

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართული ოცნების მთავრობა მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში სიღარიბის პრობლემას საბოლოდ აღმოფხვრის. 

"საჭიროა, ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარება, იმისათვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს - ეს არის სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში. მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში ჩვენ დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი იმისათვის, რომ საბოლოოდ აღმოიფხვრას სიღარიბე", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში მოსახლეობის 69% ითვლება ღარიბად. მათგან 32% უკიდურესად, ხოლო 37% კი საშუალოდ ღარიბია. უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 2010 წლის შემდგომ დაახლოებით 15%-ით შემცირდა.

რაც შეეხება სიღარიბის ეროვნულ სტატისტიკას, მისი მიხედვით, მოსახლეობის 21.3%-ია უკიდურესად ღარიბი.

საქსტატის მონაცემებით, სიღარიბის სწრაფი შემცირება ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის პერიოდს ემთხვევა. 

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.2016 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2.7% შეადგინა, მთავრობა 2.7%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა. 2017 წელს კი 4%-იანი ზრდა იყო დაგეგმილი, თუმცა მისმა ტემპმა 5% შეადგინა. 

კომენტარები