რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი

კილაძე: აღმაშფოთებელია მართლმადიდებლური სიწმინდეების არასათანადოდ გამოხატვა

პარლამენტი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, ის აღაშფოთა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა არასათანადო ფორმით მოხდა. 

სოფო კილაძემ ამის შესახებ კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ემზარ კვიციანმა "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ" კანონპროექტი წარადგინა. 

„სხვა რელიგიების მიმართაც ისმის შეურაცხყოფა, მაგრამ, მე როგორც მართლმადიდებელი, ამ მიმართულებითაც ვამახვილებ ყურადღებას. აღმაშფოთა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა არასათანადო ფორმით მოხდა. ეს ნამდვილად იყო ძალიან ბევრი ადამიანის აღშფოთების მიზეზი და აბსოლუტურად ვიზიარებ ამ აღშფოთებას და ვუერთდები მათ. ამავდროულად, ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენი ქვეყანა იყო ტოლერანტობის, პატივისცემის და სიყვარულის მაგალითი. ძალიან ბევრი სარწმუნოება გვერდიგვერდ, დიდი სიყვარულით და პატივისცემით თანაარსებობდნენ. ამის უამრავი მაგალითია ჩვენი განვლილი ისტორიის მანძილზე. არ რჩება ადგილი და დაუშვებელია ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია რელიგია. მე მხარს ვუჭერ, რომ რაღაც ფორმით უნდა მოხდეს დარეგულირება, რომ ადამიანებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ და ეს იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული“, - თქვა კილაძემ. 

ემზარ კვიციანის კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს. კერძოდ, მისი ინიციატივით, კოდექსს უნდა დაემატოს 155/1 მუხლი - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ასევე რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება - ჯარიმით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს. 

დღესვე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ამ კანონპროექტს იდეის დონეზე მხარი დაუჭირა. 

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სავარაუდოდ, პრეზერვატივების ქართული ბრენდის, "აიისას" შეფუთვას გულისხმობს, რომელზეც, ერთ შემთხვევაში, თამარ მეფე იყო გამოსახული.

"აიისაზე" განცხადება საქართველოს საპატრიარქომაც გაავრცელა და საზოგადოებას მოუწოდა, მთელი ძალისხმევა მიმართონ იქითკენ, რომ "სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადო დაცვა". 

კომენტარები