ტურიზმი

პალმა დე მალიორკაზე ტურისტებზე ბინების გაქირავება იზღუდება

majorcainfo.com

ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე მდებარე კურორტ პალმაზე ბინების გაქირავება იზღუდება. ულიცენზიოდ გაქირავებული ბინის პატრონს 40,000 ევრომდე ჯარიმა დაეკისრება. მიზეზად ტურისტების რაოდენობის გადაჭარბება სახელდება.

ქალაქების საბჭოებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას უნდათ, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ ისეთ ინტერნეტ-საიტებს, როგორიცაა მაგალითად Airbnb, რომლის მეშვეობითაც ყველაზე მარტივია ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ ქალაქში ბინის დაქირავება.

Airbnb-სა და Uber-ს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა შეხვდათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლებისგან, რომლებიც სასტუმროების ბიზნესს ლობირებენ. ისინი თვლიან, რომ კონკურენცია აღარაა ჯანსაღი.

ივნისის თვეში, ესპანეთის სხვადასხვა რეგიონებს შორის, ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობა ბალეარის კუნძულებზე დაფიქსირდა, რამაც ბინების ქირავნობის ფასი მკვეთრად გაზარდა და ადგილობრივებისთვის საცხოვრებელი ადგილის შემცირების საფრთხე გამოიწვია.

ხმელთაშუაზღვის კუნძულების ყველაზე დიდ ქალაქში, რომელიც პალმა დე მალიორკაა, ბინების ქირავნობის ფასი ბოლო 5 წელიწადში 40%-ით გაიზარდა.

“ჩვენ გვინდა გვქონდეს დაბალანსებული და მდგრადი ტურიზმი, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი ეკონომიკის წამყვანი ფაქტორი იქნება” - თქვა რეგიონის ტურიზმის ხელმძღვანელმა, ბიელ ბარსელომ “როიტერთან” საუბარში.

ახალი კანონი დააწესებს 20,000-დან 40,000 ევრომდე ჯარიმას, რითიც დაჯარიმდება ის პიროვნება, ვისაც სახლის გაქირავებაზე ლიცენზია არ ექნება.

ადგილობრივებს ექნებათ უფლება, უჩივლონ პიროვნებებს, ვინც სავარაუდოდ ულიცენზიოდ გააქირავებს ბინებს. თუ Airbnb-სა და Homeaway-ზე აღმოჩნდება ისეთი ბინის რეკლამა, რომელიც არ იქნება ლიცენზირებული, საიტებიც ასევე დაჯარიმდებიან 400,000 ევრომდე ჯარიმით.

კომენტარები