ე.წ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა

არა ფობიას!: კვიციანის ინიციატივა "რელიგიურ გრძნობებზე" უკიდურესად შემაშფოთებელია

0 კომენტარი
არა ფობიას!

"უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლმენტის წევრის ემზარ კვიციანიის მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა, რომელიც “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის” სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს." არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტზე განცხადებას ავრცელებენ. სამოქალაქო პლატფორმა "არა-ფობიას!" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამგვარი ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლების, როგორც კონსტიტუციურ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან და წარმოადგენს საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობას. პლატფორმა 10 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. 

"განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ იდეას მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ. კომიტეტის წევრები იზიარებენ პრინციპს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა უნდა იყოს დასჯადი. გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტის განხილვისას გამოითქვა მოსაზრება კანონპროექტის შემუშავებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომლის შემადგენლობაშიც საპატრიარქოს წარმომადგენლები და ასევე სხვა რელიგიური კონფესიები ჩაერთვებიან. კანონპროექტის განმარტებით ბარათში პირდაპირაა მითითებული, რომ მისი მიღება განპირობებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ტრადიციული რელიგიის მიმართ ბოლო დროს გახშირებული ფარული თუ პირდაპირი შეურაცხყოფით." - წერია არასამთავრობოების განცხადებაში.

სამოქალაქო სექტორი აღნშნავს, რომ ეს არ არის გამოხატვის თავისუფლების ამგვარად შეზღუდვის პირველი შემთხვევა და იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის" რაიმე სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება კატეგორიულად მიუღებელია:

"1. ამგვარი ინიციატივა ცალსახად მოვა წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან, რომლითაც დაცულია გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის იმგვარი გამოხატვა, რომელიც შესაძლოა საზოგადოების გარკევული ნაწილისთვის იყოს შეურაცხმყოფელი და შოკისმომგვრელი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (რომელიც თავის მხრივ ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს ეყრდნობა) “დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ კონსტიტუციით დაცულია კრიტიკული აზრი, მათ შორის, ისეთიც, რომელსაც საზოგადოების ნაწილი შეიძლება ზედმეტად მკაცრად ან არადეკვატურად აღიქვამდეს.“[1]

2. ინიციატივა არ შეესაბამება არც თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. ადამიანის უფლებათა სასამართლს არაერთხელ უთქვამს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცული სფერო მოიცავს „არა მხოლოდ იმ ინფორმაციას ან იდეებს, რომელთაც იზიარებს საზოგადოება ან არ არის შეურაცხმყოფელი, ან მათ მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება აქვს, არამედ ისეთებსაც, რომლებიც შეურაცხყოფს, შოკისმომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს.“[2] რელიგიური იდეების კრიტიკის შესაძლებლობაზე და ამგვარის კრიტიკის მიმართ თმენის ვალდებულებაზე საუბრობენ ვენეციის კომისია და ევროპის საბჭოს სხვა ორგანოებიც.[3]

3. ნებისმიერი რეგულაციისა თუ პასუხისმგებლობის ზომის მთავარი ადრესატები პირველ რიგში საზოგადოების ის ჯგუფები უნდა იყვნენ, რომლებიც განიცდიან ჩაგვრასა და დისკრიმინაციას უმრავლესობის მხრიდან. ნებისმიერ იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს რაიმე სახის პასუხისმგებლობა მსგავსი ქმედებისათვის, იგი მიმართულია არა დომინანტი ჯგუფების გასაძლიერებლად (რომლებსაც ისედაც აქვთ საკმარისი ბერკეტი საკუთარი უფლებების დასაცავად), არამედ უმცირესობათა უფლებების დასაცავად. ამის საპირისპიროდ, შემოთავაზებული ინიციატივით დასჯადობის შემოღების მთავარ მიზანს საზოგადოებაში დომინანტური რელიგიური გაერთიანების- მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არსებული კრიტიკის ჩახშობა წარმოადგენს.

4. განმარტებით ბარათში საუბარია სახელმწიფოს ვალდებულებაზე დაიცვას რელიგიური გრძნობები. გასათვალისიწინებელია, რომ არც საქართველოს კონსტიტუცია და არც რაიმე საერთაშორისო კონვენცია არ იცნობს ამგვარ უფლებასა თუ შესაბამის ვალდებულებას. რელიგიური გრძნობებისგან დაცვა არ მოიაზრება არც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის ნაწილად, რომელიც რელიგიის თავისუფლებას იცავს. ამდენად, სახელმწიფოს არ გააჩნია რაიმე ვალდებულება დააწესოს მსგავსი რეგულაცია, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ცნება საკმაოდ ბუნდოვანი და სუბიექტურია." - წერია განცხადებაში.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგნლები მოუწოდებენ პარლამენტს არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ ინიციატივას. განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

თანასწორობის მოძრაობა

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI)

შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი- საქართველო

კონსტიტუტიიც 42-ე მუხლი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ემზარ კვიციანის კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს. კერძოდ, მისი ინიციატივით, კოდექსს უნდა დაემატოს 155/1 მუხლი - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ასევე რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება - ჯარიმით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს. 

გუშინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ამ კანონპროექტს იდეის დონეზე მხარი დაუჭირა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, ის აღაშფოთა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა არასათანადო ფორმით მოხდა. 

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სავარაუდოდ, პრეზერვატივების ქართული ბრენდის, "აიისას" შეფუთვას გულისხმობს, რომელზეც, ერთ შემთხვევაში, თამარ მეფე იყო გამოსახული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები