პარკინგი

მერია ეძებს ინვესტორებს, რომლებიც თბილისში მიწისქვეშა პარკინგებს ააშენებენ

ტაბულა

თბილისის მერია დედაქალაქის სამ ლოკაციაზე, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ კომპანიებს ტერიტორია სიმბოლურ ფასად გადაეცემათ, რის სანაცვლოდაც მათ შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უნდა ჩაატარონ და პარკინგი მოაწყონ.

საუბარია გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე.

კახა კალაძის განცხადებით, სამივე ტერიტორიაზე ჯამში 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი. მისივე თქმით, ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს, ხოლო მიწის ნაკვეთი გამარჯვებულს 1 ლარად გადაეცემა.

"ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, რათა ჩვენ შევძლოთ იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც ამ მიმართულებით ქალაქს აწუხებს. ჩვენ მზად ვართ, ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით შევქმნათ დედაქალაქისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. მინდა გთხოვოთ, რომ ყველა დაინტერესებულ პირს, დაინტერესებულ კომპანიას მიაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია ამ კონკრეტულ ლოკაციებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ტექნიკურ - ეკონომიკური კვლევა თვითონ ამ კომპანიების მხრიდან იქნება გასაკეთებელი და შემდეგ უკვე პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით მიიღება გადაწყვეტილება",- განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ჩატარებულია კვლევა, რომლის მიხედვით დედაქალაქში მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 10 ლოკაცია შეირჩა. ამჯერად მერიამ ინტერესთა გამოხატვა სამ მათგანზე გამოაცხადა.

კომენტარები