ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

რომან გოცირიძე: დღესაც ვფიქრობ, რომ ვინც ბანკებს ვერ იტანს, ჰომოფობია

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

"დღესაც ვფიქრობ, რომ ვინც ბანკებს ვერ იტანს, ჰომოფობია" - ასე პასუხობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე ტაბულას კითხვას, კვლავაც იზიარებს თუ არა 2015 წლის 17 მაისს დაწერილი პოსტის შინაარსს:

"კი, სწორია, ზუსტად ასე ვფიქრობ, აბსოლუტურად ასეა. დღესაც ასე ვფიქრობ და ყოველთვის ასე ვფიქრობდი. არცერთი ჩემი ნათქვამი ბანკებზე ამ დებულებას არ აბათილებს, არც გუშინდელი ჩემი პოსტი,"- ამბობს რომან გოცირიძე ტაბულასთან საუბრისას. 

გუშინ ენმ-ის დეპუტატმა Facebook-ზე გამოქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ "დღეს საქართველოში ბანკები გახდნენ პოლიტიკის გამგრძელებლები საფინანსო სფეროში" და, შესაბამისად, "დამთავრდა ბანკებისადმი უპირობო მხარდაჭერის ხანა".

"დღეს საქართველოში ბანკები გახდნენ პოლიტიკის გამგრძელებლები საფინანსო სფეროში. პოლიტიკა კი არაკონსტიტუციურად წარიმართება ერთი არაფორმალური მმართველის მიერ. ბანკები აქციეს პოლიტიკის ინსტრუმენტად. ბანკებმა და მასთან დაკავშირებულმა ჰოლდინგებმა მიიღეს მსუყე ლუკმები ხელისუფლებისაგან-დიდ ბიზნესპროექტებში მონაწილეობა, ინექციები ბიუჯეტიდან( სახაზინო ვალდებულებები, ბიუჯეტის ნაშთებზე არსებული ფული, ეროვნული ბანკის განუზომლად დიდი რეფინანსირების სესხები) და სხვა. მონოპოლიურობა და ხელისუფლების მხრიდან საკუთრებითი და პოლიტიკური კონტროლი - ესაა საბანკო სისტემის მთავარი პრობლემა. ეს ხელს უშლის ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას. დამთავრდა ბანკებისადმი უპირობო მხარდაჭერის ხანა, გამომდინარე "იდეოლოგიურ-ფილოსოფიური" მოსაზრებებიდან,"- დაწერა დეპუტატმა. 

აღსანიშნავია, რომ რომან გოცირიძის ამ პოსტს წინ უძღოდა ექსპრეზიდენტისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, კრიტიკა ბანკებისადმი. სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში არ არიან ბანკები, "ესენი არიან სოლომონ მეჯღანუაშვილები". ექსპრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ ბანკები ანტიქართულ, ანტიეროვნულ პოლიტიკას ატარებენ და ქართველ ამომრჩეველს, ენმ-ს არჩევის შემთხვევაში, ახალ საბანკო კრედიტებზე საბანკო პროცენტის დაწევას ბანკების ზემოგების ხარჯზე პირდება.

ასევე, წაიკითხეთ: მითები და ტყუილები ბანკების მოგების შესახებ

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები