სოფლის მეურნეობა

მშვენიერაძე: უცხოელებისთვის დაუმუშავებელი მიწების ჩამორთმევა არაკონსტიტუციურია

ტაბულა

სახელმწიფომ შესაძლოა უცხოელებს დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთები ჩამოართვას, ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა. დანელიას თქმით, შესაბამისი ცვლილება სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ ორგანულ კანონში შეიძლება შევიდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია GDI-ის დამფუძნებლის, გიორგი მშვენიერაძის შეფასებით, ეს ინიციატივა დისკრიმინაციულია და ის საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

"ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც უფრო მძიმე პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას უდგენს სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც კანონიერად არიან საქართველოში ქონების მეპატრონეები და მათთვის განსხვავებული ვალდებულების დადგენის ერთადერთი მოტივი არის მათი მოქალაქეობა ბუნებრივია და ცალსახაა, რომ არის დისკრიმინაციული და ბუნებრივია ამ შემთხვევაში პრობლემა იქმნება მის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. 

ეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსაც არაერთხელ უთქვამს, რომ მოქალაქეობის ნიშანი მიუხედავად იმისა, რომ ის პირდაპირ არ წერია, ის მაინც საქართველოს კონსტიტუციის მეთოთხმეტე მუხლში მოიაზრება", - ტაბულასთან ამბობს მშვენიერაძე.

ორგანული კანონის პროექტი, რომელზეც დანელია საუბრობს პარლამენტს ჯერ არ წარუდგენია. ის ახალი კონსტიტუციის პირობებში უცხოელებისთვის მიწის ფლობის საკითხს განსაზღვარვს.

ქართული ოცნების მიერ მიღებული კონსტიტუციის მეცხრამეტე მუხლში წერია:

მუხლი 19 (მეოთხე ნაწილი)

"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით."

სწორედ ორგანული კანონი დააწესებს გარკვეულ გამონაკლისებს მიწის ფლობაზე. ეს გამონაკლისი სავარაუდოდ მთავრობის გადაწყვეტილება იქნება. უცხოელებს და უცხოურ კომპანიებს სახელმწიფოსთვის საინვესტიციო გეგმის წარდგენის შემთხვევაში გამონაკლისის სახით შეიძლება მიეცეთ მიწის ფლობის უფლება.

დღეს უცხოელებს სასოფლო სამეურნეო მიწების შეძენა აკრძალული აქვთ. ეს აკრძალვა მომდინარეობს არა კონსტიტუციიდან, არამედ პარლამენტის მიერ 2017 წელს გამოცხადებული მორატორიუმიდან. 

აკრძალვამ საქართველოს მოქალაქეებს წაართვა უფლება მიწა გაესხვისებინათ უცხოელებზე, უცხოელებს კი ამ მიწის შესყიდვის უფლება გაუქრო. 

კომენტარები