ერეკლე კოდუას საქმე

ტელეიმედში შეჭრის საქმეზე პროკურატურამ ერეკლე კოდუას ბრალი წარუდგინა

რუსთავი 2

საქართველოს პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია იმედში შეჭრის საქმეზე, შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (ს.ო.დ.) ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძიება მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება.

"დადგინდა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთად, ტელევიზიის შენობაში შეიჭრა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის, იგივე ს.ო.დ.-ის სპეცდანიშნულების რაზმი და ოპერატიული თანამშრომლები, რომელთაც ადგილზე ხელმძღვანელობდა ამავე დეპარტამენტის დირექტორი.

მიუხედავად იმისა, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ სამართლებრივი საფუძველი, ისინი ძალისმიერი მეთოდით, უკანონოდ შეიჭრნენ ტელევიზიის შენობაში, მიზანმიმართულად დააზიანეს ძვირადღირებული საეთერო ჩართვის აპარატურა და ტელევიზიის ინვენტარი. ამასთან სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ჟურნალისტებს და ტელეკომპანიაში დასაქმებულ პერსონალს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გამოაძევეს შენობიდან და შენობის გარეთ დაუშინეს რეზინის ტყვიები. „იმედის“ მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვის შემდგომ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, ერთი თვის განმავლობაში ტელევიზიის ტერიტორია ჰქონდათ ბლოკირებული, ისე რომ ჟურნალისტებს და პერსონალს არ აძლევდნენ შენობაში შესვლის საშუალებას" - აცხადებს პროკურატურა.

უწყების ინფორმაციით, "ტელეკომპანიის დარბევის შედეგად დაზარალებულად ცნობილია 13 პირი, მათი უმრავლესობა - იმედის ჟურნალისტი". ამასთან, გამოძიების ცნობით, ტექნიკური საშუალებების და ინვენტარის განადგურების, დაზიანების, დაკარგვის, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით ტელევიზიის მატერიალურმა ზიანმა შეადგინა 3 158 307 ლარი.

იმის გამო, რომ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის მიმართ ძებნა მიმდინარეობს, ერეკლე კოდუას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ცნობისთვის, ერეკლე კოდუა უკვე მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. მას 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე, სოდ-ის ყოფილ უფროსს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ე.წ. „ავტომანქანების საქმეზე“. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მიმართ საერთაშორისო ძებნა ინტერპოლმა 2014 წელს შეწყვიტა. მისი ადვოკატის თქმით, ერეკლე კოდია პოლიტიკური ნიშნით დევნილად აღიარეს.

“ტელეიმედის დარბევის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკვე მიეცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, იუსტიციის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული აღნიშნული ქმედებების ორგანიზებაში. მათი ბრალდების საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან, მათ შორის ტელეიმედის დარბევასთან დაკავშირებით, გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართულ სხვა პირთა გამოვლენის მიზნით" - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები