სალომე ტატიშვილის საქმე

ტატიშვილის დაღუპვის საქმეში გამართლებული ლიპარტელიანი სააპელაციომ დამნაშავედ ცნო

0 კომენტარი
ფოტო: ნინო ჟვანია

გუდაურში დაღუპული სალომე ტატიშვილის მკვლელობაში გამართლებული გიორგი ლიპარტელიანი სააპელაციო სასამართლომ დამნაშვედ ცნო. მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ მიიღო მურმან ისაევის, გოჩა ჯეინარაშვილის და ვეფხია ლომაძის შემადგენლობით. 

ლიპარტელიანის ადვოკატის, თენგიზ ხარებავას თქმით, ის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს გაეცნობა, რის შემდეგაც უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. 

სალომე ტატიშვილის დედის, ნინო ჟვანიას თქმით კი, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული უნდა ისჯებოდეს. 

12 წლის სალომე ტატიშვილი 2016 წლის 10 იანვარს, გუდაურში დაიღუპა - მას უკანა მხრიდან დიდი სიჩქარით მოსრიალე 19 წლის გიორგი ლიპარტელიანი დაეჯახა. ლიპარტელიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით წარუდგინეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ლიპარტელიანი თითქმის ორწლიანი განხილვის შემდეგ, 2017 წლის 29 დეკემბერს გაამართლა, რის შემდეგაც ბრალდების მხარემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ოჯახი და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და დაუსჯელობის განცდას აჩენს.

თავად გიორგი ლიპარტელიანი რამდენიმე თვეა, საზღვარგარეთ იმყოფება. უცნობია, ჩამოვა თუ არა ის საქართველოში ამ გადაწყვეტილების შემდეგ.  

დეტალურად სალომე ტატიშვილის საქმის შესახებ წაიკითხეთ აქ

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანა სუბელიანი

კომენტარები