საუდის არაბეთი

საუდის არაბეთში 40-წლიანი აკრძალვის შემდეგ პირველი კინო-თეატრი გაიხსნა

Bandar Al-Jaloud / GETTY IMAGES

ღრმად კონსერვატიული საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, 40-წლიანი აკრძალვის შემდეგ, პირველი საჯარო კინო-თეატრი გაიხსნა.

კინო-თეატრი 18 აპრილს, გადაკეთებულ საკონცერტო დარბაზში გაიხსნა, სადაც მხოლოდ მოწვეული სტუმრები იმყოფებოდნენ. მოსაწვევები გაეგზავნათ მთავრობის წარმომადგენლებსა და უცხოელ ოფიციალურ პირებს. გახსნაზე “მარველ სტუდიოს” “შავი პანტერა” აჩვენეს. “როიტერის” ცნობით, მოსახლეობას ბილეთების შეძენა უკვე შეუძლია.

კინო-თეატრების მშენებლობა ამერიკულ კომპანია “American Multi-Cinema”-ს შეუკვეთეს. კომპანიასა და საუდის არაბეთის საჯარო ინვესტიციის ფონდს შორის ხელშეკრულება აპრილის დასაწყისში გაფორმდა. კომპანია ვალდებულია, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 40 კინო-თეატრი გახსნას.

ფილმებს ჩვენებამდე მთავრობის ცენზორი შეამოწმებს. 18 აპრილს ნაჩვენებ “შავ პანტერაში” კოცნის სცენა ამოჭრილი იყო.

ძირითად სეანსებზე ქალებისა და მამაკაცების ერთად დასწრება დაშვებული იქნება, მაგრამ ზოგი სეანსი მხოლოდ მამაკაცებისთვის იქნება განკუთვნილი. ქვეყნის სქესობრივი სეგრეგაციის წესები კლიენტურას ჰყოფს “კაცების სექციად” და “ოჯახურ სექციად”, რომელშიც ქალებს და მათი მამრობითი სქესის ნათესავებს დაუშვებენ.

საუდის არაბეთის საჯარო კინო-თეატრები 1970-იან წლებში დაიხურა, როდესაც ქვეყანამ ულტრაკონსერვატიული ისლამური კანონი მიიღო. საუდის არაბეთის ძალაუფლებიანი კონსერვატორები ამტკიცებდნენ, რომ დასავლური ფილმები ვერ ჯდებოდნენ ისლამის მკაცრ საზღვრებში.

2018 წლის თებერვალში, საუდის არაბეთის სამეფო სასახლემ განაცხადა, რომ გასართობი ინდუსტრიის განვითარებაში, მომავალ 10 წელიწადში 64 მილიარდი დოლარი ინვესტირდება. გაიმართება ათასობით ღონისძიება, მათ შორის მონაწილეები იქნებიან Cirque du Soleil, Maroon 5 და უამრავი სხვა.

ქალებისთვის ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ქალების მხოლოდ 22%-ს აქვს დამთავრებული უნივერსიტეტი (რაც მამაკაცთა პროცენტულ რაოდენობაზე ბევრად ნაკლებია), ამ სფეროში 2030 წლამდე გამოიყოფა 200 000 სამუშაო ადგილი ორივე სქესისთვის.

კომენტარები