ოჯახში ძალადობა

ცოლის წამებაში ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

ნ.ც.-ს ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის წამება, ე.ი. პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის და აღიარების მიღება, პირის დასჯა მის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის. მასვე, ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. 

"საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის ივნისისა და ივლისის თვეში, ბრალდებული თავის მეუღლეს ინფორმაციისა და აღიარების მიღების მიზნით - ჰქონდა თუ არა მას სხვა მამაკაცთან სქესობრივი ურთიერთობა იმ პერიოდში, ვიდრე თავად საპატიმრო დაწესებულებაში იყო, აყენებდა სისტემატურ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოგვიანებით, 25-28 ივლისს, კვლავ სხვა მამაკაცთან სქესობრივი ურთიერთობის აღიარებისა და მისი ვინაობის დადგენის მიზნით, ფეხის მიდამოში ორ ადგილას მოკიდებული სიგარეტის კანზე ჩაქრობით და სხეულის სხვადასხვა მიდამოში კბენით მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, რითიც დაზარალებულს მიაყენა ფსიქიკური და მორალური ტანჯვა.

2017 წლის 23-28 ივლისის განმავლობაში, ნ.ც.-მ მის მეუღლეს წამების გაადვილების მიზნით აღუკვეთა თავისუფლება, ჩამოართვა მობილური ტელეფონი და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თუკი სახლიდან გაქცევას ან მისი მდგომარეობის შესახებ, სხვისთვის ინფორმაციის მიწოდებას შეეცდებოდა. თავისუფლების აღკვეთის პერიოდში, ბრალდებულს მეუღლე - ლ.გ. ხელის ჩაკიდებით გაჰყავდა სხვა ოთახებში, ხოლო გაქცევის რამდენიმე მცდელობის შემდეგ მიაყენა ფიზიკურ შეურაცხყოფა, კერძოდ, თავის დაღწევის ერთ-ერთი მცდელობისას ფიზიკური ძალადობის შედეგად ქალმა გონება დაკარგა. 2017 წლის 28 ივლისს, ლ.გ.-მ ისარგებლა ნ.ც.-ს აბაზანაში ყოფნით და მე-8 სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის აივნიდან, მეზობლის აივანზე გადავიდა და გაიქცა" - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო.

სასამართლოს ცნობით, სხდომებზე ბრალდებული არ აღიარებდა დანაშაულს, ასევე დაზარალებულმა ქალმა ჩვენება შეცვალა, თუმცა, მოსამართლემ მოწმეთა ჩვენებების, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების გამოკვლევის, მათ შორის დაზარალებულის ფსიქიკური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან ცოლზე ძალადობა. 

კომენტარები