არჩევნები 2018

არჩევნების წინა დღეს, ხონის სამ სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

ეკონომიკის სამინისტრო

პარლამენტის შუალედური არჩევნების წინა დღეს, ხონის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დიდ გუბში, პატარა გუბსა და შუა გუბში კომპანია სოკარ ჯორჯია გაზმა 25,5კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა.

"შედეგად, სოფლებში მცხოვრებ 500-მდე ოჯახს ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა" - აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.

მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის თქმით, "მნიშვნელოვანია, ამაღლდეს ჩვენი მოსახლეობის ენერგომატარებლებზე ხელმისაწვდომობა, ოჯახებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩაერთონ გაზგამანაწილებელ ქსელში და მოიხმარონ ბუნებრივი აირი".

ხვალ, 28 აპრილს, ვანის და ხონის გაერთიანებულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება. ქართული ოცნებიდან კენჭს იმერეთის ყოფილი გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე იყრის, ხოლო ევროპული საქართველოდან - პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავა. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ, მათ შორის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

კომენტარები