მსხვერპლშეწირვა

პერუში ბავშვთა სავარაუდო მსხვერპლშეწირვის ყველაზე მასობრივი ფაქტები აღმოაჩინეს

0 კომენტარი
ფოტო: iStock

პერუში არქეოლოგიური გათხრების შედეგად, მსოფლიოში ბავშვთა სავარაუდო რიტუალური მსხვერპლშეწირვის ყველაზე მასობრივი ფაქტები აღმოაჩინეს.

ჩრდილოეთ პერუში არქეოლოგებმა 140 ბავშვისა და 200 ახალგაზრდა ლამას ჩონჩხი იპოვეს, რომლებიც დაახლოებით 550 წლის წინანდელია. ამის შესახებ ცნობები სამშაბათს National Geographic-მა გაასაჯაროვა.

ფოტო: Gabriel Prieto / National Geographic

“პირადად მე ასეთ რამეს ვერასოდეს წარმოვიდგენდი და ვეჭვობ, ვერც ვერავინ წარმოიდგენდა” - თქვა ჯონ ვერანომ, რომელიც ფიზიკური ანთროპოლოგია და ათეული წლებია ამ საქმიანობითაა დაკავებული.

ადგილი, სადაც გათხრები მიმდინარეობს, ფორმალურად “Huanchaquito-Las Llama”-ს სახელითაა ცნობილი, რომელიც UNESCO-ს მიერ დაცული მსოფლიო მემკვიდრეობიდან Chan Chan-იდან ნახევარი მილის დაშორებით მდებარეობს.

სავარაუდო რიტუალური მსხვერპლშეწირვის დროს, ეს ადგილი არც თუ ისე ცნობილი ჩიმუს იმპერიის ნაწილი იყო. საუკუნის დასასრულს ჩიმუს იმპერია ინკას იმპერიის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა.

პირველად ეს ადგილი ყურადღების ცენტრში 2011 წელს მოექცა, როცა მაცხოვრებლებმა ადამიანის ძვლების ნარჩენები იპოვეს. აქამდე, გათხრების შედეგად 42 ბავშვისა და 76 ლამას ძვლები იყო ნაპოვნი.

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ 2016 წელს უკვე 140 ბავშვისა და 200 ლამას ძვლები აღმოაჩინეს. რადიოაქტიური ნახშირბადის მიხედვით, მსხვერპლშეწირვის სავარაუდო თარიღი დაადგინეს, რაც 1400-სა და 1450 წლებს შორისაა.

როგორც National Geographic წერს, ნაპოვნი ძვლების მიხედვით ნათელია, რომ ბავშვებს მკერდის ძვლები ჰქონდათ დაზიანებული, ასევე გადაადგილებული იყო ნეკნები, რათა უფრო ადვილად ამოეღოთ გულები.

ბავშვების ასაკი 5 წლიდან 14 წლამდე მერყეობს. მიწის ფენების მიხედვით, არქეოლოგები ფიქრობენ, რომ ეს ერთჯერადი რიტუალი იყო.

არქეოლოგიური სამუშაოები National Geographic-ის მხარდაჭერით ახლაც მიმდინარეობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები