არჩევნები 2018

ჭიჭინაძე: ბარათების ჩვენების გარეშე ვართ დარწმუნებული გამარჯვებაში

facebook.com/pg/გივი-ჭიჭინაძე-პარლამენტის-მაჟორიტარად

"ჩვენ არავის არ ვუჩვენებთ არანაირ ბარათებს და დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში, ყოველგვარი ბარათების გარეშე", - ამბობს ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი შუალედურ არჩევნებში გივი ჭიჭინაძე.

ჭიჭინაძის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში გაგრძელდება ის პროექტები, რომლებსაც ის როგორც იმერეთის გუბერნატორი უკვე სამი წელია ახორციელებს.

"გეგმებს რაც შეეხება რა გეგმებიც გვქონდა მათ განხორციელებასა და მათი შესრულების გაგრძელებაზე ვიმუსავებთ. მე სამი წელია გუბერნატორი ვარ და 2021 წლამდე ყველა პროექტი გაწერილი გვაქვს ჩვენ. ვესაუბრებით და თითქმის მოგვარებული გვაქვს ახალი ინვესტორების შემოყვანა", - ამბობს ჭიჭინაძე.

ევროპული საქართველოს კანდიდატმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მისი გამარჯვება ქართული ოცნებისთვის მოსახლეობის მხრიდან პირველი მნიშვნელოვანი წითელი ბარათის ჩვენება იქნება. 

დღეს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება. ოლქში რეგისტრირებულმა 48 ათასმა ამომრჩეველმა არჩევანი ექვს კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.

შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა. ლილუაშვილი, რომელიც ხონისა და ვანის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა, ამჟამად ვახტანგ გომელაურის მოადგილეა.

კომენტარები