არჩევნები 2018

თალაკვაძე: უგულავს ბანერზე სახე აღარ აქვს, თუმცა ეს შედეგებზე ვერ იმოქმედებს

არჩილ თალაკვაძე
ტაბულა

"რამდენიმე მოქალაქემ მოგვმართა, რომ გიგი უგულავას სახე აღარ აქვს მთავარ ბანერზე. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ეს არჩევნების საბოლოო შედეგზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ევროპული საქართველოს საარჩევნო ბანერის დაზიანებაზე. 

ვანში გიგი უგულავას მთავარი საარჩევნო ბანერი დააზიანეს, ასევე ჩამოხიეს საარჩევნო პლაკატები


ფოტო: ტაბულა

"იმედია, იპოვიან ადამიანს ვინც ეს ჩაიდინა. ქართული ოცნება არჩევნებს იგებს პარტიული საქმიანობით და სამუშაოების ხარჯზე, რომელსაც ვახორციელებთ", - ამბობს თალაკვაძე მომხდარზე.

თავად გიგი უგულავა კი მომხდარზე პასუხისმგებლობას სწორედ ქართულ ოცნებას აკისრებს:

"ქართული ოცნებისგან რაღაც საარჩევნო ველურობა ყოველთვის მოსალოდნელი იყო, წინა არჩევნებიდან ჩვენ ეს ვნახეთ. მეტნაკლები სიწყნარით მიდიოდა წინასაარჩევნო პერიოდი, მაგრამ ვანშში განსაკუთრებით, ყოველ ღამე როცა პლაკატები ჩამოხეული გვხვდებოდა, იმ ღამეს ვანის მერი ღამის ეკონომიკის ავითარებდა როგორც ჩანს, რაც ჩემი პლაკატების ხევაში გამოიხატა", - ამბობს უგულავა. 

უგულავას თქმით, მისი გამარჯვება ქართული ოცნებისთვის მოსახლეობის მხრიდან პირველი მნიშვნელოვანი წითელი ბარათის ჩვენება იქნება. 

დღეს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება. ოლქში რეგისტრირებულმა 48 ათასმა ამომრჩეველმა არჩევანი ექვს კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.

შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა. ლილუაშვილი, რომელიც ხონისა და ვანის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა, ამჟამად ვახტანგ გომელაურის მოადგილეა.

კომენტარები