28 აპრილის შუალედური არჩევნები

საია: საეჭვოდ მიგვაჩნია გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა რიცხვის ზრდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ვაბისა და ხონის შუალედურ არჩევნებზე გადასატანი ყუთის სიებში ამომრჩეველტა რიცხვის ზრდა საეჭვოდ მიაჩნია. ორგანიზაცია ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს სადაც წერია, რომ ვანის #53 საოლქო საარჩევნო კომისიამ ვანის #53 საარჩევნო ოლქში შემავალ საუბნო საარჩევნო კომისიების გადასატანი ყუთის სიებში შეიყვანა საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3%-ზე ზევით ამომრჩევლები, რითაც გადასატანი ყუთით ხმის მიცემის შესაძლებლობა დამატებით კიდევ 299 ამომრჩეველს მისცა.

"საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 მუხლის თანახმად, გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების  რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს  საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს. აღნიშნული რაოდენობის  შევსების შემდეგ ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთ ორი მესამედით. საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3%-ზე ზევით ამომრჩევლების გადასატან ყუთის სიაში შეყვანა მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია როგორც გამონაკლისი. ზემოაღნიშნულის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. ჩვენთვის უცნობია ის ფაქტი, თუ კონკრეტულად რამ განაპირობა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და რამდენად იყო საოლქო საარჩევნო კომისია ინფორმირებული  კონკრეტულ ამომრჩეველთა მიერ გადასატანი ყუთით ხმის მიცემის საჭიროების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ვანის #53 ოლქში შემავალ 31 საარჩევნო უბნიდან 25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში 3%-ზე ზევით ამომრჩევლების დამატების შესახებ გადაწყვეტილება გამონაკლისს უკვე აღარ წარმოადგენს და ბადებს ეჭვს გადასატანი ყუთის მეშვეობით ამომრჩეველთა ხმების მობილიზების შესახებ." - წერია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღეს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება. ოლქში რეგისტრირებულმა 48 ათასმა ამომრჩეველმა არჩევანი ექვს კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. მათგან ორი უმთავრესი კანდიდატი გიგი უგულავა და გივი ჭიჭინაძეა. 

შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა. ლილუაშვილი, რომელიც ხონისა და ვანის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა, ამჟამად ვახტანგ გომელაურის მოადგილეა.

კომენტარები