არჩევნები 2018

თალაკვაძე უგულავაზე: დილიდან მხოლოდ ლურჯ ბარათებს ვხედავ

არჩილ თალაკვაძე
ტაბულა

"დილიდან არაერთ უბანზე ვიყავი, და ჯერ-ჯერობით მხოლოდ ლურჯ ბარათებს ვხედავ ყველგან. ასე რომ ვნახოთ რამდენად საფუძვლიანი იქნება მისი [გიგი უგულავას] დანაპირები", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

გიგი უგულავამ დღეს თქვა, რომ მისი გამარჯვება ქართული ოცნებისთვის მოსახლეობის მხრიდან პირველი მნიშვნელოვანი წითელი ბარათის ჩვენება იქნება. 

"დღეს, ვანელები და ხონელები პირველ მნიშვნელოვან წითელ ბარათს ანახებენ ქართულ ოცნებას. ქართული ოცნება დამარცხდება დღეს აქ იმის გამო, რომ მან მოატყუა პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს, სოფლის მოსახლეობას, მან უპატრონოდ დატოვა რეგიონები, განსაკუთრებით იმერეთი და ამ თვალსაზრისით ყველაზე მძიმე მდგომარეობა სწორედ ვანსა და ხონშია", - ამბობს უგულავა.

ვანში გიგი უგულავას მთავარი საარჩევნო ბანერი დააზიანეს, ასევე ჩამოხიეს საარჩევნო პლაკატები

უგულავა ვანდალიზმის ფაქტებზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს.

ვანდალიზმის ფაქტების შეფასებისას მომხდარს სამწუხარო უწოდა არჩილ თალაკვაძემ, თუმცა ასევე განაცხადა, რომ ეს არჩევნების შედეგებზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს.

12:00-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 24.3%-ია. ეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ტოლი აქტივობაა. 

დღეს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება. ოლქში რეგისტრირებულმა 48 ათასმა ამომრჩეველმა არჩევანი ექვს კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.

კომენტარები