28 აპრილის შუალედური არჩევნები

ISFED: 2 უბანზე ამომრჩეველს ბიულეტენი ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გარეშე გადასცეს

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა 14 საათის მდომარეობით, დააფიქსირეს 2 დარღვევა. ხონდა და ვანში არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ISFED-ი განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა. რამდენიმე საარჩევნო უბანზე პროცედურული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა. კერძოდ, #54-53 (ვანის) ოლქის #13 საარჩევნო უბანსა და #54-55 (ხონის) ოლქის #11 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორებმა ამომრჩეველს ბიულეტენი გადასცეს ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გარეშე.

სამართლიანი არჩევნების ასევე ყურადღებას ამხვილებს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების რაოდენობის ზრდაზე. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, საარჩევნო უბნებზე გადასატანი ყუთის სიებში ამომრჩეველთა მაღალი პროცენტულობა შესაძლოა ქმნიდეს საარჩევნო მანიპულაციის საფრთხეს.

"#54-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 34 საარჩევნო უბნიდან, სადაც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები იმყოფებოდნენ, 18 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების რაოდენობა თითოეულ უბანზე აღემატება საარჩევნო კოდექსით დადგენილ 3%-იან ზღვარს, ხოლო დანარჩენ 16 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების რაოდენობა 3%-ია ან თითქმის 3%-ს უტოლდება. ამ 34 უბნის მიხედვით, ჯამში გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილია 1044 ამომრჩეველი. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, საარჩევნო უბნებზე გადასატანი ყუთის სიებში ამომრჩეველთა მაღალი პროცენტულობა შესაძლოა ქმნიდეს საარჩევნო მანიპულაციის საფრთხეს, ვინაიდან გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემა ნაკლებად არის დაცული და დაზღვეული გაყალბების საფრთხისგან. გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პირობებში ამომრჩეველს არ უკეთდება მარკირება, არ არის გარანტირებული ხმის მიცემის ფარულობის დაცვა და ხმის მიცემის პროცესს კომისიის მხოლოდ ორი წევრი უზრუნველყოფს." - წერია განცხადებაში.

დღეს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება. ოლქში რეგისტრირებულმა 48 ათასმა ამომრჩეველმა არჩევანი ექვს კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. მათგან ორი უმთავრესი კანდიდატი გიგი უგულავა და გივი ჭიჭინაძეა. 

შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა. ლილუაშვილი, რომელიც ხონისა და ვანის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა, ამჟამად ვახტანგ გომელაურის მოადგილეა.

კომენტარები