თამბაქოს კონტროლის კანონი

ყველაფერი, რაც იცვლება და იკრძალება თამბაქოს ახალი კანონმდებლობით

Reuters

რამდენიმე დღეში ძალაში შევა თამბაქოს კონტროლის კანონის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მოსახლეობასა და ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს. კანონში საუბარია რიგ ადგილებში მოსახლეობისთვის მოწევის უფლების ჩამორთმევაზე და ამ დარღვევისთვის ფინანსური სანქციების დაწესებაზე. 1 მაისიდან ცვლილება შეეხება მოწევის ადგილებს, 1 სექტემბრიდან კი, კანონდებლობა თამბაქოს ბრენდირებას გააკონტროლებს, რის შედეგადაც აიკრძალება თამბაქოს დასახელებაში "მენთოლი", "მსუბუქი", "რბილი", "ნაკლებად მძაფრი", "ულტრამსუბუქი", "დაბალი შემცველობით", "ექსტრა", "ულტრა" და სხვა სიტყვების გამოყენება. ხოლო 2022 წლის 31 დეკემბრიდან ძალაში შევა "სტანდარტული შეფუთვის" ჩანაწერი, რის შედეგადაც ყველა დასახელების სიგარეტი ერთნაირი შეფუთვით უნდა გაიყიდოს.

სად იკრძალება თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის მოწევა 1 მაისიდან

  • თამბაქოს მოწევა იკრძალება მრავალბინიანი შენობის საერთო საკუთრებაში: ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სხვენი, სახურავი, ლიფტი და სხვა.
  • თამბაქოს მოხმარება იკრძალება ნებისმიერი ტიპის შენობა-ნაგებობაში. (ნებისმიერი კონსტრუქცია (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), რომელსაც გააჩნია იატაკი, ნებისმიერი სახის სახურავი ან ჭერი და ზედაპირის (გარდა სახურავისა, ჭერისა, იატაკისა) მინიმუმ 1/2-ზე გააჩნია ნებისმიერი სახის ან/და მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები (ღია ან დახურული ფანჯრის და კარის ჩათვლით). აქ გამონაკლისი მხოლოდ კერძო ბინები, სასჯელაღსრულების დაწესებულება, სამორინე, ფსიქიატრიული მედიცინის დაწესებულებაში.
  • თამბაქოს მოხმარება იკრძალება ყველა ტიპის ტრანსპორტში (მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, გემი, თვითმფრინავი და სხვა) გარდა ღია კატერისა და ტაქსისა.
  • თამბაქოს მოხმარება იკრძალება ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ინახება ცეცხლსაშიში ნივთიერებები.
  • თამბაქოს მოხმარება იკრძალება საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე.
  • სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე.
  • აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც უნდა ჰქონდეს ცალკე სავენტილაციო სისტემა, რომლიდანაც თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ უნდა ხვდებოდეს და რომელშიც არ უნდა ხდებოდეს საკვებისა და სასმელის შეტანა და მოხმარება. აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალური მოსაწევი ოთახის გამოყოფის წესი, აგრეთვე სპეციალური მოსაწევი ოთახისთვის სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

აკრძალვებთან ერთად პირველი მაისიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის მუხლებიც ამოქმედდება, რომლებიც თამბაქოს კონტროლის კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის სანქციებს აწესებენ. 

ჯარიმები ასე გამოიყურება:

  • ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს მოწევა მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სხვენი, სახურავი, ლიფტი და სხვა) გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით.
  • იგივე ჩადენილი განმეორებით - ჯარიმა 100 ლარი.
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის (სატრანსპორტო საშუალების) (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა, ტაქსისა და კატერისა) მძღოლის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესების დარღვევის აღუკვეთელობა, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
  • იგივე ჩადენილი განმეორებით - ჯარიმა 1000 ლარი.
  • ფიზიკური პირის მიერ საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივ ტრანსპორტში (სატრანსპორტო საშუალებაში) (გარდა კატერისა) თამბაქოს მოწევა შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ამ ფიზიკური პირის მიმართ თამბაქოს მოწევის შეწყვეტისაკენ მოწოდების მიუხედავად, ამ მოწოდების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 8 of 20 გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
  • იგივე ჩადენილი განმეორებით - 100 ლარი.

კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებლები შსს და ფინანსთა სამინისტრო არიან. 

კომენტარები