არჩევნები 2018

ვანსა და ხონში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

flickr.com

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისია საბოლოო აქტივობას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. 

17:00-ის მდგომარეობით ხმა 23,485-მა მოქალაქემ მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 48.9%-ია. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით ამომრჩეველთა ეს აქტივობა 5%-ით დაბალია. მაშინ 17:00-ისთვის საკუთარი არჩევანი ოლქის მაცხოვრებელთა 54.5%-ს ჰქონდა გაკეთებული. საბოლოო აქტივობა კი 65%-ს შეადგენდა. 

ოლქში რეგისტრირებულმა 48 ათასმა ამომრჩეველმა არჩევანი ექვს კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. მათგან ორი უმთავრესი კანდიდატი გიგი უგულავა და გივი ჭიჭინაძეა. 

დღის განმავლობაში სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა რამდენიმე სახის საეჭვო გარემოება გამოავლინეს. საიას შეფასებით, საეჭვოა გადასატანი ყუთების ამომრჩეველთა რაოდენობის გაზრდა სავარაუდოდ, ხმების მობილიზებას ისახავდა მიზნად:

"მიგვაჩნია, რომ ვანის #53 ოლქში შემავალ 31 საარჩევნო უბნიდან 25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში 3%-ზე ზევით ამომრჩევლების დამატების შესახებ გადაწყვეტილება გამონაკლისს უკვე აღარ წარმოადგენს და ბადებს ეჭვს გადასატანი ყუთის მეშვეობით ამომრჩეველთა ხმების მობილიზების შესახებ", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ISFED-მა გამოავლინა შემთხვევები, როდესაც ხონის მეთერთმეტე უბანზე ამომრჩევლებმა ხმები სიაში ხელმოწერის გარეშე მისცეს.

არსებული ინფორმაციით, საოლქო კომისიაში სულ 3 საჩივარია შესული. 

კომენტარები