არჩევნები 2018

რა არჩევანს აკეთებდნენ ვანისა და ხონის ამომრჩევლები 2013-2018 წლებში

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის ყველა საარჩევნო უბნის შედეგები უკვე გამოაქვეყნა. ცესკოს ინფორმაციით, შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების წარმომადგენელმა გივი ჭიჭინაძემ 57%-ით გაიმარჯვა, ევროპული საქართველოს კანდიდატმა გიგი უგულავამ 38% აიღო. დამკვირვებლების ინფორმაციით, არჩევნებზე პრობლემას წარმოადგენდა გადასატან ყუთში ამომრჩეველთა დიდი ოდენობა, რაც მანიპულაციის მაღალ ალბათობას ქმნიდა. 

ნახეთ როგორ იცვლებოდა 2013 წლიდან დღემდე ჩატარებულ ყველა არჩევნებში ვანისა და ხონის ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმების გადანაწილება:

რამ გააერთიანა ვანი და ხონი - ოლქები, რომლებსაც საერთო საზღვარიც კი არ აქვთ

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მაჟორიტარული ოლქების გადანაწილება შეიცვალა. ცვლილება გამოწვეული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც განსაზღვრა, რომ საარჩევნო ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობა უნდა გათანაბრებულიყო. გათანამბრებამდე ერთ მაჟორიტარს ირჩევდა როგორც 5,000-იანი მოსახლეობის ყაზბეგი, ასევე 130,000-იანი მოსახლეობის გლდანი. 

გათანაბრების პროცესის შედეგად თითოეულ ოლქში საშუალოდ 48 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან ყველაზე მცირე ოლქში 42 ათასი, ყველაზე მსხვილ ოლქში კი 54 ათასი ამომრჩეველია. 

ორივე ოლქი, ვანიც და ხონიც საკმაოდ მცირე იყო იმისთვის რომ ისინი ცალკეულ ოლქებად დარჩენილიყვნენ. როგორც ცნობილია თავდაპირველად, სამტრედიის ოლქის ნაწილებად დაყოფა და მათი მოსაზღვრე ოლქებისთვის გადანაწილება იგეგმებოდა. თუმცა ოლქებში ხმების გათანაბრების სხვა გზას მიმართეს. მათ ერთმანეთთან არამოსაზღვრე რაიონები, ვანი და ხონი ერთ უბნად გააერთიანეს. 

სავარაუდოდ, ოლქების გათანაბრების დროს მთავრობამ საზღვრები ისე შეადგინა, რომ გაერთიანებულ ოლქში მმართველი პარტიის მხარდაჭერა გაეზარდა. ამ პრაქტიკას ჯერიმანდერინგი ეწოდება. ოლქების გათანაბრების დროს მთავრობა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს დაეყრდნო. 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხონის 24 ათას ამომრჩევლიან ოლქში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების 42% მიიღო, ქართული ოცნების მიღებული ხმების რაოდენობა კი 46% იყო. ქართულ ოცნებას შედარებით უკეთესი მხარდაჭერა ვანის 26 ათასიან ოლქში ჰქონდა მიღებული, აქ ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 13% იყო. ორი ოლქის გაერთიანებით შეიქმნა 50 ათას ამომრჩევლიანი ოლქი, რომელშიც სახელმწიფო ოპოზიციის მხარდამჭერთა გეოგრაფიულ შემცირებას ეცადა. 

 

კომენტარები