თამარ მეარაყიშვილი

სახალხო დამცველმა თამარ მეარაყიშვილი ადამიანის უფლებათა პრიზებზე წარადგინა

თამარ მეარაყიშვილი

2018 წლის აპრილში საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით თავდაუზოგავი საქმიანობისთვის ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ​ადამიანის უფლებათა სფეროში გაეროს პრიზსა და ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზზე წარადგინა.

აქტივისტი და ბლოგერი თამარ მეარაყიშვილი საკუთარი სიცოცხლის, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის რისკის ფასად ასაჯაროებს ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ მძიმე უფლებრივ მდგომარეობას და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს.  

საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე რეგიონია, სადაც ზეწოლის შედეგად დაიხურა არასამთავრობო ორგანიზაციები, დე ფაქტო მმართველობა სრულად აკონტროლებს მედიას, რეგულარულად იდევნებიან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ ამ პირობებში თამარ მეარაყიშვილი ერთადერთი ადამიანია, ვინც ზეწოლის, დაშინების და მუქარის მიუხედავად, წლებია იბრძვის ახალგორში მცხოვრებთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, სიცოცხლისა და უსაფრთხოების და სხვა უფლებების დასაცავად. თამარ მეარაყიშვილის ინტერვიუები და ბლოგები ერთადერთი წყარო იყო და არის ახალგორში შექმნილი მძიმე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

მეარაყიშვილს 2017 წელს თავისუფლება ორჯერ უკანონოდ აღუკვეთეს, ამჟამად კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმე მიმდინარეობს. ჩამორთმეული აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის მიუხედავად, არ შეუძლია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და მკურნალობა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ მიმართული პროცესი არის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მისი გაჩუმებისა და მშობლიური ქალაქის დატოვების იძულების მცდელობა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს თამარ მეარაყიშვილის მიმართ, მისი და მისი ოჯახის უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის შემსუბუქების თვალსაზრისით.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ გაეროსა და ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზებზე წარდგენით, ის მადლობას უხდის თამარ მეარაყიშვილს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის და მიიჩნევს, რომ ის მისაბაძი მაგალითია ყველა აქტივისტისა და ადამიანის უფლებების დამცველისთვის.

კომენტარები