NDI-ის კვლევა

NDI: ნატო-ში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა რიცხვი შემცირდა, მომხრე მცირედით გაიზარდა

NATO

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი მცირედით გაიზარდა. კითხვაზე - "მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატოს წევრი", 65% დადებითად პასუხობს. ნატო-ში გაწევრიანებას არ ემხრობა 20%, 15%-მა კი არ იცის.

წინა კვლევაში მომხრეთა რიცხი 64% იყო, მოწინააღმდეგეთა კი 26%.

ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ყველაზე მეტი მომხრე თბილისში ჰყავს (74%), შემდეგ მოდის დიდი და პატარა ქალაქები (69%) და სოფლები (65%). ნატო-ში გაწევრიანება ყველაზე ნაკლებად უმცირესობათა დასახლებებში სურთ, სადაც მოწინააღმდეგეთა რიცხვი (30%) უფრო მეტია, ვიდრე მომხრეთა (26%). თუმცა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს პასუხს "არ ვიცი" - 42%.

გამოკითხვაში მონაწილე მოქალაქეები საუბრობენ იმ მიზეზებზეც, რის გამოც არის ან არ არის მისაღები ნატო-ში გაწევრიანება. მომხრეების არგუმენტებია: საქართველოს მეტი უსაფრთხოება (60%), ეკონომიკის გაუმჯობესება (32%), ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლბლობის ზრდა (23%), რუსეთისგან დაცვა (14%), საქართველოს სამხედრო სისტემის გაძლიერება (12%), დემოკრატიის განვითარება (9%) და ა.შ. რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, ისინი ამბობენ, რომ საქართველოში ნატო-ში გაწევრიანება წარმოშობს კონფლიქტს რუსეთთან (45%), ეს არარეალისტურია/არასდროს მოხდება (14%), შეასუსტებს ეროვნულ იდენტობას (12%), საქართველო მეტ ტერიტორიებს დაკარგავს (10%), წევრობა საქართველოს არ დაიცავს (10%).

გარდა ამისა, NDI-მ გამოკითხულ მოქალაქეებს ჰკითხა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განსხვავებულ მოსაზრებებზე. პასუხები მოცემულია ცხრილში:

კვლევის საველე სამუშაოები 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები