NDI-ის კვლევა

NDI: ოპოზიციონერებიდან ყველაზე დადებითი დამოკიდებულება მოსახლეობას ბაქრაძის მიმართ აქვს

ტაბულა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობას ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიდან ყველაზე დადებითი დამოკიდებულება ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის დავით ბაქრაძის მიმართ აქვს.

დავით ბაქრაძის მიმართ დადებით დამოკიდებულებას 34% აღნიშნავს, უარყოფითს - 18%.

ამ მაჩვენებლით ბაქრაძე კვლევაში ჩასმულ ყველა პოლიტიკურ ფიგურას შორის მეორე ადგილს იკავებს.

კვლევაში ჩასმული საჯარო პირებიდან დადებითი დამოკიდებულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (46%) ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს აქვს. უარყოფითი დამოკიდებულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (37%) კი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთ ლიდერს ნიკა მელიას.

სურათი დაახლოებით მსგავსია თბილისის შემთხვევაშიც. მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დავით სერგეენკოს აქვს (49%). ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის დადებითი დამოკიდებულების მაჩვენებლით დავით ბაქრაძე ლიდერობს (26%), უარყოფითი დამოკიდებულების  ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი ნიკა მელიას აქვს (49%).

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები