იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლები

წულუკიანის უწყება უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს კომპენსაციას არ უხდის

parliament.ge

დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს უკანონოდ გათავისუფლებულმა ანა სუბელიანმა საკუთარ facebook-ზე გამოაქვეყნა აღსრულების ეროვნული ბიუროდან მიღებული წერილი, რომლის მიხედვითაც მას თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განაცდურის ანაზრაურების შესახებ შეუსრულებელი სახით ბარდება. ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი ქართული სასამართლოს სამივე ინსტანციამ დაადასტურა და სახელმწიფოს მათთთვის განაცდურის სრული ანაზღაურება დააკისრა. 

"დაუყოვნებლივ აღსასრულებელი კი იყოო, მარა დაუყოვნებლივ კი არა, საერთოდაც არ ავასრულებთო...
სულ წიხლზე გვკიდია სასამართლოც, მოქალაქეც, კანონიც, სახელმწიფოც და ყველაფერიო", - წერს სუბელიანი.

2018 წლის 12 თებერვალს იუსტციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად აღასრულებდა. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში წულუკიანმა ახობაძესა და სუბელიანს პოლიტიკურად ანგაჟირებულები უწოდა. 

ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა, თუმცა უწყების ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო. მათ სასამართლოსაც მიმართეს და დავა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოიგეს, უზენაესმა სასამართლომ კი იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო და უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაევალა. 

თუმცა, დანაშაულის პრევენციის ეროვნულ ცენტრს სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ შეუსრულებია.

ის, რომ სუბელიანისა და ახობაძის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შესრულდა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საგანგაშო ფაქტად მიიჩნია. საია-ს თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, "ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული ორგანო ნებაყოფლობით არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, არის საშიში ტენდენცია და არის შეტყობინება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, რომ თუკი ის უწყება, რომელიც პირდაპირ არის ვალდებული იცავდეს კანონს და უზრუნველყოფდეს სამართლიანობას ქვეყანაში, ვერ და არ უზრუნველყოფს სამართლიანობას, არის შეტყობინება სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, რომ მათ შეუძლიათ სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეასრულონ". 

კომენტარები