ადრეული ქორწინება

დედობა 15 წლის ასაკში, პრობლემები ჯანმრთელობასა და განათლებაში - ადრეული ქორწინების შედეგები

ხატია ღოღობერიძე
0 კომენტარი

"აქ 20 წლის გოგო უკვე დარჩენილია", - ამბობენ კახეთში, სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ქალები. ადრეული ქორწინება მხოლოდ ერთი სოფლის ან თემის პრობლემა არაა. გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიშის მიხედვით, ბავშვობის ასაკში ქორწინება მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქის, თბილისის, ჩათვლით ჩვეულებრივი და გავრცელებული მოვლენაა. ასეთ ქორწინებად მიიჩნევა რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული კავშირი ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც არ მიუღწევია 18 წლამდე.

ისტორია პირველი
ფოტო: ტაბულა

ნინო კოლელიშვილი 14 წლის იყო, როცა მოიტაცეს. ის თბილისში ცხოვრობს, ახლა 39 წლისაა და 24, 18 და 9 წლის შვილები ჰყავს.

"13 წლის ასაკში გავყევი საკუთარი სურვილით. მაგრამ როგორც კი დედაჩემი მოვიდა, მივხვდი, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა და სახლში დავბრუნდი. 14 წლის რომ ვიყავი, როცა მომიტაცა. რამდენიმე მიზეზის გამო დავრჩი, მაშინ საქართველოში არსებული გარემო სწორედ ამისკენ მიბიძგებდა. როცა პირველად წამოვედი, გარშემომყოფები მეუბნებოდნენ - "შენ ხომ წაგიყვანეს", "შენ ხომ გათხოვდი". იყო სიყვარულიც და ამ დროს გგონია, რომ ეს ის გრძნობაა, რომელიც ოჯახის და თანაცხოვრების პერიოდში უნდა იყოს", - ამბობს ნინო.

15 წლის იყო, პირველი შვილი რომ გააჩინა. ორსულობის პერიოდში სკოლაში არ უვლია, მხოლოდ გამოცდებზე მიდიოდა. ამბობს, რომ ოჯახიდან გამომდინარე, სწავლის მოტივაცია ჰქონდა და სახლში კითხულობდა პროგრამულ წიგნებს, თუმცა მხოლოდ ამან ბევრი ვერაფერი მისცა.

სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, მეორე შვილი გაუჩნდა. მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა დაუსწრებელი სექტორი და სწავლის გაგრძელებას იქ აპირებდა, თუმცა ის მალევე გაუქმდა.

"როცა ბავშვი გაიზარდა, სხვა ფაქტორები გამოჩნდა. ნამდვილად ძალიან შემეშალა ხელი. შვილი კი არ გიშლის ხელს განვითარებაში, გიშლის თანმდევი ფაქტორები - როცა ბავშვი გყავს, საკუთარ თავს რაღაც დონეზე აღარ ეკუთვნი იმ დოზით, რა დოზითაც გჭირდება განვითარებისთვის. უნდა მიხედო, მოუარო, იზრუნო მის აღზრდაზე. თუ ხელისშემწყობი არ გყავს, ვინც შენს მაგივრად რაღაც დოზით მაინც შეასრულებს ამ საქმეებს, უბრალოდ დრო არ დაგრჩება იმისთვის, რომ სრულფასოვნად ისწავლო", - ამბობს ნინო კოლელიშვილი.

მისი აზრით, ადრეული ქორწინების შედეგად, ხელი ეშლება არა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც ოჯახი შექმნა, არამედ მათ შვილებსაც.

"მეორე და მესამე შვილის აღზრდის პროცესში მივხვდი, რომ პირველ შვილთან მიმართებაში ბევრ რაღაცას ისე არ ვიზამდი, როგორც გავაკეთე. როცა პატარა ხარ, გგონია, რომ რაღაცები იცი. სინამდვილეში, ასე არ არის. მაგალითად, უფრო მეტს ვთხოვდი, ვიდრე უნდა მომეთხოვა. ამას ვაკეთებდი ინსტინქტის დონეზე - ვაცმევდი, ვაბანავებდი, მაგრამ მხოლოდ კვება და სისუფთავე ხომ არ არის? ბავშვს ამის გარდა ძალიან ბევრი რამე სჭირდება", - ამბობს ნინო კოლელიშვილი.

ნინო გვიყვება, რომ 16-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარს დაშორდა.

"ზრდასრულ ასაკში შესაძლებელია ორი ადამიანი იყოს სხვადასხვა აზრზე და ეს არ გახდეს კონფლიქტი მიზეზი, თინეიჯერობისას რთულია. ამ დროს გინდა გართობა, მეგობრებთან ერთად დიდი ხნით წასვლა, დაკარგვა. ეს გამოცდილებები თუ არ მიიღე, ვერ მიხვდები რა გინდა. როცა ოჯახი გაქვს, ვერ ადგები ასე და ვერ წახვალ. ოჯახი გულისხმობს იმას, რომ ერთდროულად, ძალების ერთნაირი გადანაწილებით უნდა მოხდეს გაძღოლა. თუ ერთი მხარე მაინც მოიკოჭლებს, მთელი ტვირთი მეორე მხარეზე გადადის. მე 16 წლის თანაცხოვრების შემდეგ დამენგრა ოჯახი. არა იმიტომ, რომ ის იყო ცუდი ან მე, უბრალოდ, მერე ხვდები, რომ რაღაცები არ უნდა აიტანო და არც მას უნდა ჰქონდეს ასატანი", - ამბობს ნინო.

მას აქვს საქმე, სამსახური, თუმცა საკუთარ თავს შემდგარ ადამიანად არ მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, ნინო ამბობს, რომ მისი სამი შვილი ამის კომპენსირებას ახდენს.

"ვერ ვიტყვი, რომ შემდგარი ვარ და მაქვს პროფესია, რომელიც ძალიან მიყვარს. არ არის ასე. მაქვს სამსახური, მაქვს ჩემი საქმე, თუმცა შეიძლებოდა ამაზე უკეთესად ყოფილიყო. მაგრამ ის, რაც ჩემი ქორწინებიდან მაქვს, ამის კომპენსაციას ახდენს. დღეისთვის მყავს 3 ფანტასტიური შვილი და ვიბრძვი იმისთვის, რომ ისინი იყვნენ შემდგარი ადამიანები.

არ ვფიქრობ, რომ რადგან კონკრეტული რაღაცები ვერ გავაკეთე, ჩემი ცხოვრება დასრულდა. ცხოვრება გრძელდება, არ უნდა გაჩერდე და გააკეთო თუნდაც პატარ-პატარა საქმეები და რაღაც შედეგამდე აუცილებლად მიხვალ. მთავარია არ იყო უმოქმედოდ და ვიღაცაზე დამოკიდებული. ყველა ასაკში, ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს პირადი სივრცე, საქმე, რათა შემდგარი ადამიანი იყოს", - ამბობს ნინო.

ისტორია მეორე

14 წლის ასაკში შექმნა ოჯახი კიდევ ერთმა რესპონდენტმა, რომელიც მარნეულში ცხოვრობს.

"ეს ჩემი კი არა, ოჯახის გადაწყვეტილება იყო. სკოლაში ვსწავლობდი, პატარა ვიყავი და სიტუაცია ვერ აღვიქვი. ვიფიქრე, ჩემი ოჯახი თუ ასე ფიქრობს, ეს სწორია-მეთქი. ოჯახის ხათრისთვის გადავდგი ეს ნაბიჯი. ნეტა სწავლა გამეგრძელებინა... მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემს ქმარს სხვა ოჯახიც ჰყავდა და დავშორდი. ამ დროს 18 წლის ვიყავი. სწავლა და სამსახური დავიწყე, ორივე ერთად ძალიან რთული იყო. ახლაც ვმუშაობ, მყავს 6 წლის შვილი", - გვიყვება ის.

მისივე თქმით, ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა სწორი არ არის და გოგოებმა განათლება უნდა მიიღონ.

"პატარები თხოვდებიან, დაავადებები უჩნდებათ შემდგომში. ზოგი ორი თვის შემდეგ ეყრება ქმარს. ხანდახან ასაკში სხვაობა 10-15 წელია - ბიჭი არის 30 წლის, გოგო 20 ან 17-18, ის ბავშვის ჭკუაზეა და 30 წლის კაცი უკვე სხვანაირად აზროვნებს, ერთმანეთს ვერ ეწყობიან", - ამბობს ის.

რესპონდენტი მშობლებს ურჩევს, რომ ბავშვს სრულყოფილი განათლების მიღების საშუალება მისცენ, რადგან მას უზრუნველყოფილი მომავალი ჰქონდეს.

ისტორია მესამე
ფოტო: ტაბულა

48 წლის მაია ხახუტაშვილი კახეთში, სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობს. ის 18 წლის იყო, როცა ოჯახი შექმნა.

"18 წლის გავთხოვდი, გაუაზრებლად, უაზროდ. ჩემი ცოლი იქნებიო და გავყევი. სად ცხოვრობდა და რამდენი წლის იყო, ისიც არ ვიცოდი, მხოლოდ შორიდან ვიცნობდი. სახლში რადგან მიმიყვანეს, უარი ვეღარ ვთქვი. განათლება არ მქონდა, არც აღზრდა, არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი ქმართან, დედამთილ-მამამთილთან. მანამდე საერთოდ ლაპარაკი არ ყოფილა გათხოვებაზე, მე სხვა კუთხით მზრდიდნენ და სხვანაირად მოვიქეცი. როგორ უნდა მოვქცეულიყავი ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ისიც არ ვიცოდი", - ამბობს ის.

მაია გვიყვება, რომ უმაღლეს სასწავლებელში ოჯახის შექმნის წელს ჩააბარა და ორსულობის, შემდეგ კი ბავშვის გამო სწავლა გაუჭირდა, თუმცა დასრულება შეძლო. დღეს მას ყარაჯალაში საკუთარი აფთიაქი აქვს, მუშაობს სტომატოლოგადაც.

"სასწავლებლად რომ წავედი თბილისში, ჩემმა დედამთილმა თქვა, მე რძალი იმიტომ მოვიყვანე, რომ საქმეებში დამხმარებოდა, ველ-მინდვრებში, ვენახებშიო. არ უნდოდათ რომ მესწავლა, ძლივს დავამთავრე, ტანჯვა-წამებით, ჩხუბით და ვარამით. ინსტიტუტიც თავისას მოითხოვდა. პირველი კურსი სულ ფეხმძიმედ ვიარე, მერე ბავშვი მყავდა, რომელიც ხან თბილისში იყო, ხან დედაჩემთან, ხან დედამთილთან. ბაღში ხან დადიოდა, ხან არა. ასე გაიზარდა.

მე სწავლა და ამხანაგები მინდოდა, ოჯახისთვის მზად არ ვიყავი. რომ ვთქვა, სხვისი ბრალი არ არის, განათლება არ მქონდა ამ მხრივ. ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ბავშვისთვის მზად მაშინაც არ ვიყავი. მინდოდა ინტერნატურა გამევლო, სწავლაში წინ წავსულიყავი... მაგრამ იმ ეტაპზე დავრჩი", - ამბობს მაია ხახუტაშვილი.

ის გვიყვება, რომ სოფელში ადრეული ქორწინების შედეგად, ქალების ჯანმრთელობა ხშირად ზიანდება და სოფელში ბევრ ქალს საშვილოსნოს ამოჭრაც მოუხდა, ყოფილა მშობიარობის დროს გარდაცვალების შემთხვევებიც.

"30-32 წლის ქალს აქ უკვე შვილიშვილები ჰყავს. 47-48 წლის ასაკის ქალებს უთქვამთ, 36-40 აბორტი გამიკეთებიაო", - ამბობს ის.

ჯანმრთელობა

ადრეულ ასაკში ქორწინებას, როგორც წესი, თან ახლავს განათლების მიღების პრობლემა, ჯანმრთელობის გაუარესება, ნაადრევი მშობიარობა და აბორტი. ის დედათა და ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის რისკს ზრდის.

ტაბულა ესაუბრა ექიმ-რეპროდუქტოლოგ მაკა გეგეჭკორს, რომელიც ადრეულ ასაკში სქესობრივი კონტაქტის და ორსულობის შესაძლო უარყოფით შედეგებზე მხარეებზე გვიყვება. მისი თქმით, სამედიცინო თვალსაზირსით, 18 წელი გვიანი მოზარდობის პერიოდია და ამ ასაკამდე ორგანიზმი  ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. კერძოდ, საუბარია რეპროდუქციულ, ძვლოვანი სისტემებზე, ასევე, ცენტრალური ნერვული სისტემის იმ სტრუქტურებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სასქესო და რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

"რაც მთავარია, ჯერ არ არის მზაობაში მენტალური ჯანმრთელობა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც მოსდევს სქესობრივი ცხოვრების ნაადრევ დაწყებას - არასასურველი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და მათი შორეული გართულება - უნაყოფობა. ამ თვალსაზრისით უფრო იჩაგრება გოგონა, მიუხედავად იმისა, რომ პროცესში ორივე მხარე თანაბარწილად მონაწილეობს. სიმძიმეც უფრო მისი ხვედრია - ორსულობა, თუნდაც ნორმალური, დროული გამოსავალით, მშობლობისთვის არამზაობა, არაჯანსაღი ინსტინქტები და უკვე გაჩენილი ბავშვის გამიზნული დაჩაგვრა, რომ არაფერი ვთქვათ თავად გოგონას შემდგომი ცხოვრების პერსპექტივებზე, განათლების და საზოგადოებრივი საქმიანობის შეუძლებლობაზე", - ამბობს მაკა გეგეჭკორი.

გარდა ამისა, რეპროტუქტოლოგის ინფორმაციით, ადრეულ ასაკში ორსულობას ხშირად ახასიათებს მშობიარობა მძიმე შედეგებით.

"ორსულობა მეტად რთული პროცესია. ჯერ ვერჩამოყალიბებულ სასქესო ორგანოებში ეს ბევრ ხიფათს ქმნის, მოზარდის მენჯის ძვლოვან სისტემას უჭირს მოცულობაში 500-ჯერ გაზრდილი საშვილოსნოს "ზიდვა" და გართულებაც ხშირად არ აყოვნებს - ორსულობის თანმხლები არასასურველი გამოსავალი და რისკი, დაწყებული საშვილოსნოსგარე ორსულობიდან, დასრულებული სამეანო და უშუალო მშობიარობის მძიმე შედეგებით, მეტად ახალგაზრდა ასაკში სტატისტიკური სიხშირით გამოირჩევა. გასაგებია ასევე, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ორსულობა, თავისი არასასურველობისა და დაუგეგმაობის გამო, ხანდახან განწირულია შეწყვეტისთვის, ანუ აბორტისთვის", - ამბობს მაკა გეგეჭკორი.

რეპროდუქტოლოგი საუბრობს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან თავდაცვის მნიშვნელობაზეც, ასევე, დროულ დიაგნოსტიკასა და რაციონალურ მკურნალობაზე.

მაკა გეგეჭკორი ხაზს უსვამს, რომ ადრეული ქორწინება გარკვეული კულტურული თავისებურებაა და ის სერიოზულ შეზღუდვებს უქმნის ახალგაზრდა ქალების სრულფასოვან ცხოვრებას, მით უმეტეს თუ ეს ურთიერთობები ძალადობრივ ხასიათს ატარებენ.

ბრძოლა

სამირა ბაირამოვა აქტივისტია ქვემო ქართლში, მარნეულში. ის აქტიურადაა ჩართული ქალთა უფლებების კუთხით საზოგადოების განვითარებაში. 2012 წლიდან ადრეული ქორწინების საკითხებზეც მუშაობს, ხვდება მშობლებს, მოსწავლეებს, საზოგადოების აქტიურ წევრებს და ცდილობს ცნობიერება შეცვალოს.

ფოტო: Gündəlik - Gürcüstan
ის ამბობს, რომ ამ კუთხით ყველაზე დიდი პრობლემა დაგვიანებული ან არასაკმარისი რეაგირებაა.

"ჩვენთან გავლენიანი პირები, გამგეობა, მერია, პოლიცია, არ ფიქრობენ, რომ ეს დანაშაულია. ძალიან ცუდია, რომ მალავენ ადრეული ქორწინების შემთხვევებს. ეს ეხება სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს, რესურსცენტრს. როცა მასწავლებელი თავისი ბიჭისთვის გოგოს ირჩევს, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. სამართალდამცავი ორგანოები ჩვენთან ფაქტობრივად არ მუშაობენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი მიმართავს, განცხადებას გვიან არეგისტრირებენ, ან საერთოდ არ არეგისტრირებენ. ამბობენ, რომ ადრეული ქორწინება ორივე მხარის შეთანხმებაა. მოტაცების შემთხვევაში არის ოჯახები, რომლებიც ბოლომდე მიდიან, არ არიან თანახმა, რომ შვილი გაათხოვონ და მხოლოდ შემდეგ ინტერესდებიან სამართალდამცავი უწყებები. პრობლემაა კანონმდებლობის აღსრულება. ჩვენი ხალხი კანონის დამცველია, როცა კანონი არსებობს და მუშაობს, ისინი არ დაარღვევენ. თუ ასე ხდება, თუ არ ეშინიათ, ეს იმას ნიშნავს, რომ სამართალდამცველები არ მუშაობენ, მალავენ პრობლემას", - ამბობს სამირა ბაირამოვა.

აქტივისტი გვიყვება, რომ სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების დახმარებით, დღეს ახალგაზრდების ნაწილი სწავლით ინტერესდება. ბაირამოვა ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია მათთვის სივრცეების შექმნა, საზოგადოებაში ინტეგრაცია, სკოლაში მისვლაც საინტერესო უნდა იყოს და შემდეგ გოგოებს სხვა ინტერესი გაუჩნდებათ.

"ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემა ჩვენთან ყოველთვის არ იყო, ჩემი მშობლების თაობას განათლება აქვს მიღებული. ეს ტენდენცია დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იმ უბედურებების მერე ათხოვებდნენ შვილებს, რადგან ფული, საჭმელი არ ჰქონდათ. მე ამ საზოგადოების წევრი ვარ და ვხედავ პრობლემას. აღარ მინდა გოგონების უბედურ, იმედდაკარგულ სახეებს ვხედავდე. უნდა ჰქონდეს ადამიანს შეცდომის დაშვების უფლება. სკოლაში ნორმალური სწავლა არ არის და ფიქრობენ, რომ ოჯახის შექმნა გამოსავალია. სხვა არაფერი ხდება, ნორმალური გზა და ტრანსპორტი არ არის, ადამიანი სოფლიდან ქალაქში რომ ჩავიდეს, თუნდაც კონცერტზე წავიდეს. სკოლაც ისეთ მდგომარეობაშია, რომ იქ სწავლა შეუძლებელია", - ამბობს სამირა ბაირამოვა.

კიდევ ერთი ადამიანი, ვინც ადრეულ ქორწინებას აქტიურად ებრძვის, ელზა აშიროვაა. ის კახეთში, ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის დირექტორია. მისი თქმით, სტატისტიკა უმჯობესდება. გარდა ამისა, აშიროვა ამბობს, რომ იზრდება სწავლისადმი გოგოების ინტერესი.

ფოტო: ტაბულა
სკოლის დირექტორი გვიყვება, რომ ამ საკითხების განხილვა ბავშვებთან და მშობლებთან სხვადასხვა გზით და მეთოდით მიმდინარეობს, არის გარკვეული აქტივობებიც, დისკუსიები, შეხვედრები. მისი თქმით, სასწავლო წლის განმავლობაში ადრეული ქორწინების 23 ან 18 შემთხვევაც ყოფილა, თუმცა ახლა კლებისკენ წავიდა და წელს მხოლოდ ერთი ასეთი ფაქტი იყო. ელზა აშიროვა მიიჩნევს, რომ ამას ხელი შეუწყო კანონში ცვლილებამაც, რომლის მიხედვით 16 წლამდე პირთან სქესობრივი კონტაქტი იკრძალება.

"ადრეული ქორწინება ძალიან აქტუალური და პრობლემურია, მით უმეტეს ნაცნობია ჩვენი სოფლისთვის, რადგან ტრადიციულად მიღებულია არასრულწლოვანთა დაოჯახება. უნდა ითქვას, რომ ბავშვი სრულად ვერ განსაზღვრავს საფრთხეებს, შეიძლება მისთვის სახალისოც იყოს და დათანხმდეს ამ კავშირს. ყოფილა 13 წლის გოგოების დაქორწინების შემთხვევებიც და ძალადობის ფაქტიც, როცა გოგომ თვითმკვლელობით გამოხატა პროტესტი. თუმცა, რაც აქ ვმუშაობ, იძულების შემთხვევა არ ყოფილა. მაგრამ ბავშვია და უნდა თუ არ უნდა, ემორჩილება მშობელს", - ამბობს ელზა აშიროვა.

მისი თქმით, ასეთი შემთხვევების შესახებ სკოლა ინფორმაციას სოციალურ სააგენტოს და პოლიციას აცნობებს. გარდა ამისა, სკოლის დირექტორი ყვება, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა გასაუბრების, მსჯელობის, ინფორმაციის მიწოდების შემდეგ დაქორწინება გადაიდო. ასეთ დროს, ელოდებიან როდის გახდება გოგო 16 წლის.

ელზა აშიროვა ამბობს, რომ ზოგიერთი მშობელი, როცა ხედავს, რომ მისი შვილი აქტიური და შემოქმედებითია, ცდილობს სწავლა გააგრძელებინოს და ოჯახის შექმნას არ ჩქარობს. თუმცა, ეს არ არის ხშირი.

სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლაში ამჟამად 741 მოსწავლეა, არის ერთი მე-12 კლასი, სადაც 16 მოსწავლეა და მათგან 9 აბიტურიენტი. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ აბიტურიენტებს შორის გოგოების რაოდენობა მეტია და მათი კურსდამთავრებულები სწავლას თბილისში ან თელავში აგრძელებენ.

"საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ადრეული ქორწინება, არასრულწლოვნის გათხოვება არის ცუდი მშობლისთვისაც, არამხოლოდ ბავშვისთვის. თუ შვილი უყვართ, უნდა იფიქრონ მასზე, მის ჯანმრთელობაზე, რომ ეს ავნებს ჯანმრთელობასაც, ბავშვობის წლები არ უნდა წაართვან. რადგან კლებადობისკენ მიდის, არ ნიშნავს რომ აქ გავჩერდეთ და ჩავთვალოთ, რომ პრობლემა მოგვარებულია. ცოტა უხერხულია, 21-ე საუკუნეში ჩემს სოფელთან დაკავშირებით ამ თემაზე რომ მიწევს ლაპარაკი. სასურველია ყველაფერი გაკეთდეს ისე, რომ ეს მინიმალური რიცხვიც არ იყოს", - ამბობს სკოლის დირექტორი.

უფლებები

სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის პრაქტიკა კვლავ რჩება გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ გამოვლინებად, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ქალთა და გოგოების უფლებრივ მდგომარეობაზე.

ომბუდსმენი ამბობს, რომ მაღალია ბავშვის დაბადებისას არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა და პრობლემად რჩება ადრეულ ასაკში ფაქტობრივი თანაცხოვრების, ქორწინების იძულების, ნიშნობის და მოტაცების ფაქტები.

"ადრეული ქორწინება პირველ რიგში გენდერული უთანასწორობის პრობლემაა, რადგან, სტატისტიკური მონაცემებიც და პრაქტიკაც გვიჩვენებს, რომ ამ ასაკში ყველაზე ხშირად გოგონები ქორწინდებიან. ასევე, რა თქმა უნდა, ეს ფაქტები გავლენას ახდენს როგორც ბავშვის განათლების უფლების რეალიზაციაზე, ასევე, ხშირ შემთხვევაში მოიცავს ბავშვის სქესობრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ ფაქტებს და მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. გარდა ამისა, ჩვენი პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ოჯახში ძალადობის მიმართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი არიან ადრეულ ასაკში დაქორწინებული პირები და მათ მოწყვლადობას განაპირობებს ისიც, რომ ხშირად ადრეული ქორწინების გამო მათ უწევთ სწავლის მიტოვება, არ აქვთ პროფესია და შესაბამისად, ეკონომიკური დამოუკიდებლობის არ ქონის გამო, ისინი რთულად ტოვებენ ძალადობრივ გარემოს", - ამბობს სახალხო დამცველის მოადგილე, ეკა სხილაძე.

მისივე ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ბოლო წლებში ფაქტობრივი თანაცხოვრების შემთხვევები შემცირდა, თუმცა გაიზარდა ე.წ. ნიშნობების შემთხვევები.

"ხშირად ეს შეიძლება გულისხმობდეს იმასაც, რომ საქმროს სურვილისამებრ გოგონა განათლების მიღებას წყვეტს, რისი არაერთი შემთხვევაც გვქონია პრაქტიკაში. როდესაც გახდება 16 წლის, შემდეგ ხდება ქორწინება, ანუ მაშინ, როცა სისხლის სამართლის წესით დასჯადი არ არის. თუმცა 16-დან 19 წლამდეც არის რისკ ჯგუფი და ითვლება, რომ ეს არის ადრეულ ასაკში ქორწინება", - ამბობს სხილაძე.

სახალხო დამცველის მოადგილე გვიყვება, რომ აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების მიხედვით, მთავარი პრობლემა და გამოწვევა ადრეულ ასაკში ქორწინების შედეგების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა და არ ქონაა. ეკა სხილაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჰქონდეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული სტრატეგია.

"ასევე, ყველა გამოვლენილ შემთხვევაზე უნდა იყოს დროული და ადეკვატური რეაგირება, რათა მან არ წაახალისოს მსგავსი ფაქტები. გვინახავს შემთხვევები, როცა ეფექტიანი რეაგირების დროს პრევენცია მოხდა და გვინახავს შემთხვევებიც, როცა რეაგირების დაგვიანებამ წამახალისებელი ეფექტი იქონია", - აცხადებს ომბუდსმენის მოადგილე.

"ბავშვის უფლებაა, ჰქონდეს ბავშვობა და არ გახდეს ზრდასრული იმაზე ადრე, ვიდრე კანონმდებლობა იცავს მის ბავშვობას", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი. მისი განცხადებით, ადრეული ქორწინება ძალადობის რისკსაც ზრდის.

"ეს ყველა შემთხვევაში უფლებების დარღვევაა, მიუხედავად იმისა, რა ტიპის შედეგი დადგება ქორწინებიდან. გარდა ამისა, უკვე დადგენილია ის, რომ ადრეული ქორწინება არღვევს განათლების ხელმისაწვდომობის, ჯანმრთელობის დაცვის, განვითარების და სხვა უფლებებს. ასევე, დაკავშირებულია ძალადობის მომეტებულ რისკთან და დისკრიმინაციასთან", - ამბობს ის.

ადრეულ ასაკში დაქორწინებულ გოგოებთან მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ანა არგანაშვილი აცხადებს, რომ ისინი ხშირად განიცდიან საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს. გარდა ამისა, ვინაიდან, მათი განათლება შეწყდა, ძალიან მცირეა თვითრეალიზების შანსი.

"ჩვენ მათ ხშირად თავდაცვის პოზიციაში ვაიძულებთ ჩადგომას. ასე არ უნდა ხდებოდეს, ეს ჩვენი მუშაობის ხარვეზია ან საზოგადოებასთან არ ვმუშაობთ საკმარისად. საზოგადოება სინამდვილეში ვერ მიყვება იმ საკანონდებლო ცვლილებებს, რომელიც საქართველოში არის. მასწავლებლებისგან მომისმენია, რომ გოგო, რომელიც გახდა ადრეული ქორწინების მსხვერპლი, სკოლაში არ უნდა დაბრუნდეს, რადგან სხვებისთვის მისაღები არ იქნება ან რაღაც ისეთი ცოდნები ექნება, რაც სხვებს არ უნდა გაუზიაროს. ძალიან ბევრი სტერეოტიპული შებოჭვა აქვთ ამ გოგოებს და შესაბამისად, ისინი არ გრძნობენ თავს მზად იმისთვის, რომ მათი უფლებები ან თავად დაიცვან, ან სხვებს მისცენ ამის საშუალება", - ამბობს ანა არგანაშვილი.

უფლებადამცველი პრობლემას ხედავს კანონმდებლობის აღსრულებაში. მისი თქმით, მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებისა, პოლიტიკა არ შეცვლილა.

"კანონმდებლობა რა არის მხოლოდ ის, რომ აღმოვაჩინოთ ბავშვები და ქალები, რომელთა უფლებები უკვე დაირღვა, კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს პრევენციას და ამ გოგოების გაძლიერებას, მიყენებული ზიანის რეაბილიტაციას, რაც არ ხდება. ხშირად, ადრეული ქორწინების მსხვერპლი არ არის თანახმა, რომ შეწყდეს ქორწინება, რადგან არ იცის რა მოხდება შემდეგ - სად უნდა წავიდეს, ბავშვებს როგორ მოუაროს, განათლებას ვერ იღებს, პროფესია და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა არ აქვს და ა.შ", - ამბობს ანა არგანაშვილი.

რაც შეეხება ადრეული ქორწინების შემთხვევაში ორმხრივ ნებას, 18 წლამდე პირი ითვლება ბავშვად, რომელსაც არ შეუძლია მისცეს გააზრებული თანხმობა.

"ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის განსაზღვრის და დაცვის ვალდებულება საბოლოოდ მხოლოდ ზრდასრულებს გვეკისრება და დღეს ვერც ერთი ზრდასრული სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობით ვერ იტყვის, რომ ბავშვთა ქორწინება, რომელიც არღვევს ბავშვის განათლებას, განვითარების, ჯანმრთელობას და ძალადობისგან დაცვის უფლებას, შეიძლება იყოს მისი ჭეშმარიტი ინტერესი", - აცხადებს ანა არგანაშვილი.

კანონი და სახელმწიფო

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით, სქესობრივი კონტაქტი 16 წლამდე პირთან დასჯადია. დანაშული 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

2017 წლის 1 იანვრიდან კი აიკრძალა 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაციაც.

გარდა ამისა, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლიდან ყველა სკოლა ვალდებულია აღრიცხოს იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებმაც დაწესებულება ადრეულ ასაკში მიატოვეს.  უწყებაში განმარტავენ, რომ განახლებული ელექტრონული სისტემა სკოლის მიტოვების მიზეზების დეტალიზაციის საშუალებას იძლევა, რაც ზოგადი სტატისტიკის წარმოებას ხელს უწყობს.

სამინისტროში ამბობენ, რომ მონიტორინგის პროცესში მოწმდება აქვს თუ არა სკოლას ბავშვის ძალადობასთან დაკავშირებით შიდა წესები შემუშავებული და დამტკიცებული, არის თუ არა განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი და მოხდა თუ არა ძალადობის, მათ შორის ადრეული ქორწინების შემთხვევების რეფერირება.

"ოჯახის მხრიდან ქორწინების მიღება და სწავლის მიტოვება, განიხილება, როგორც განათლების უფლების შეზღუდვა. შესაბამისად, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული და ეცნობოს სოციალურ სამსახურს. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ნაადრევ ქორწინებაში მყოფ მოსწავლეს აქვთ საშუალება შეუფერხებლად გააგრძელოს სწავლა ზოგადსგანმანათლებლო დაწესებულებაში, ან განათლება მიიღონ ალტერნატიული გზით - ექსტერნატის ფორმით", - აცხადებენ უწყებაში.

განათლების სამინისტროში საუბრობენ ადრეული ქორწინების აღმოფხვრის პროცესში მასწავლებელთა განსაკუთრებული როლის შესახებ და აღნიშნავენ, რომ  მათი პროფესიული უნარჩვევების ამაღლების მიზნით ტრენინგები რეგულარულად ტარდება.

გარდა ამისა, უწყებაში აცხადებენ, რომ სკოლებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ბიოლოგიის გაკვეთილზე ისწავლება. საუბარია მე-8 კლასის სახელმძღვანელოზე, სადაც ერთ-ერთი პარაგრაფი ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეძღვნება.

"აღწერილია სოციალური პრობლემები და რისკები, რომლებიც თან სდევს ნაადრევ ქორწინებას. აგრეთვე აღწერილია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები და დარღვევები, რომლებიც უარყოფითად აისახება როგორც გოგონებზე, ასევე ახალშობილზე", - ამბობენ უწყებაში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ აგრძელებენ შეხვედრებს მშობლებთან იმ რეგიონებში, სადაც ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტები შედარებით ხშირად ფიქსირდება. უწყების ინფორმაციით, შეხვედრების მიზანი ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული რისკების გაცნობაა და მასში ფსიქოლოგები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შსს-ს და სოციალური სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

რაც შეეხება სამართალდამცავ უწყებებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ადრეული ქორწინების შემთხვევებში გამოძიებას ქორწინების იძულების (სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა) ან 16 ასაკის მიუღწეველის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის (140-ე) მუხლებით იწყებენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია ტაბულასთან ამბობს, რომ 140-ე მუხლის დარღვევა უფრო ხშირია, როცა ქორწინება ნებაყოფლობით ხდება. თოლორაია მიიჩნევს, რომ სწორედ ამის გამო, ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც ცნობიერების ამაღლებისკენ იქნება მიმართული.

პოლიციელთა მხრიდან არასათანადო და დაგვიანებულ რეაგირებასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხად, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ორი თვეა აქტიური მონიტორინგი მიმდინარეობს და ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, ოჯახური დანაშაულის ნიშნებით შესულ შეტყობინებაზე რეაგირება ადგილზე თუ არ ხდება, დეპარტამენტი გასცემს შესაბამის მითითებას, რომ გამოძიება დაიწყოს.

"ორი თვეა აქტიურ მონიტორინგს ვაწარმოებთ და ნამდვილად არ დაფიქსირებულა ფაქტები, როცა დანაშაულის ნიშნები იყო და ჩვენ გამოძიება არ დავიწყეთ ან ძალიან მოგვიანებით დავიწყეთ. ასეთ ფაქტებს, შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ ადგილი არ ჰქონია. არც საჩივრები შემოსულა, რომ პოლიცია რეაგირებას არ ახდენს", - ამბობს ლონდა თოლორაია.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისიდან ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურ კამპანიას იწყებს, რაც მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პრევენციული კამპანია ძირითადად იმ რეგიონების მოსახლეობას შეეხება, სადაც ადრეული ქორწინების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, კერძოდ, კახეთსა და ქვემო ქართლს.

"ვგეგმავთ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას მასწავლებლებთან, როგორ შეიძლება ამის იდენტიფიცირება მოახდინონ ადრეულ ეტაპზე. მაგალითად, თუ ბავშვმა შეწყვიტა სკოლაში სიარული, მოგვაწოდონ ინფორმაცია", - ამბობს ის.

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, დაწყებულია ოჯახში დანაშაულის მიმართულებით გამომძიებელთა სპეციალიზაციაც, რათა მათ დანაშაულის მსხვერპლებთან ან პოტენციურ მსვერპლებთან კომუნიკაცია უკეთ მოახერხონ.

სტატისტიკა

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და UNICEF-ის ერთობლივი კვლევის მიხედვით, ადრეული და ბავშვობის ასაკში ქორწინება მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვეულებრივი და გავრცელებული მოვლენაა, დედაქალაქის, თბილისის, ჩათვლით.

ფოტო: UNFPA GEORGIA
თვისებრივმა კვლევამ ცხადყო, რომ ადრეულ ასაკში დაქორწინებული გოგოები, ბიჭებისგან განსხვავებით, განათლების, დასაქმების პერსპექტივისა და სოციალური კავშირების გარეშე რჩებიან. აღსანიშნავია, რომ ამავე დოკუმენტის მიხედვით, გოგოებისთვის ქორწინებამდე სექსუალური კავშირი მისაღებად არ მიიჩნევა და ამიტომ მოზარდებისთვის ერთადერთ ალტერნატივად ოჯახის შექმნა რჩება.

გარდა ამისა, ადრეული ქორწინების შემთხვევაში, გოგოს მოვალეობად ოჯახისა და ბავშვის მოვლა მიიჩნევა. ფინანსების განკარგვის, გოგოს განათლების გაგრძელებისა და ოჯახის დაგეგმვის შესახებ გადაწყვეტილებებს ქმარი ან ქმრის მშობლები იღებენ. მიიჩნევა, რომ დაქორწინებული გოგოსთვის ოჯახის ყოლასთან ერთად, განათლების მიღება შეუთავსებელია.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული 2010 წლის კვლევის მიხედვით, 20-24 წლის ასაკის ქალების დაახლოებით 14% 18 წლის ასაკამდე ქორწინდება. ეს ევროპაში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ბევრი ქორწინება რეგისტრირებული არ არის, რის გამოც, ზუსტი ციფრის გაგება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით მომდევნო რაოდენობრივი კვლევის ჩატარება მიმდინარე წელს იგეგმება, რომლის შედეგები ცნობილი 2019 წელს გახდება.

სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში მოყვანილია ადრეულ ასაკში ქორწინების სტატისტიკა, რომელიც აპარატს სხვადასხვა უწყებამ მიაწოდა.

მონაცემები ასეთია:

  • ქორწინების იძულება: 2017 წელს 6 შემთხვევა, 2016 წელს 3;
  • თავისუფლების უკანონო აღკვეთა: 2017 წელს 41 შემთხვევა, 2016 წელს 26;
  • სექსუალური ხასიათის შეღწევა 16 წელს მიუღწეველთან: 2017 წელს 173 შემთხვევა, 2016 წელს 183;
  • სკოლის მიტოვება: 2017 წელს 75 შემთხვევა, 2016 წელს 115;
  • არასრულწლოვანი მშობელი: 2017 წელს 835 შემთხვევა, 2016 წელს 1278;

გარდა ამისა, ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში მოყვანილია არასრულწლოვანი პირის ქორწინების, სკოლის მიტოვების, არასრულწლოვანი მშობლების სტატისტიკაც.

ომბუდსმენმა გამოითხოვა ინფორმაცია სოციალური სააგენტოსგანაც, რომლის მიხედვით, უწყებამ 2017 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების სულ 98 შემთხვევა შეისწავლა.

გარდა ამისა, ქორწინების იძულების მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება, ხოლო სასამართლოს არცერთი საქმე არ განუხილავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბუბა მირცხულავა

კომენტარები