აიისა

GDI: "აიისას" წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო დავა გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება

ტაბულა

ხვალ, 2 მაისს, 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლო პრეზერვატივის "აიისას" რეკლამის კანონიერებაზე იმსჯელებს. 

სასამართლო თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს განიხილავს. თბილისის მერია მიიჩნევს, რომ პრეზერვატივ "აიისას" შეფუთვა და მისი რეკლამა არაეთიკურია და მოითხოვს როგორც პრეზერვატივის მწარმოებლის 500 ლარით დაჯარიმებას, ისე მისთვის შეფუთვისა და რეკლამის სამომავლო გამოყენებაზე უარის თქმას. 

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მიიჩნევს, რომ "აიისას" მიმართ თბილისის მერიის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი დაუსაბუთებელია და სათანადო გამოკვლევის გარეშეა გამოცემული. ამასთან, მათივე განცხადებით, ოქმში არაფერია ნათქვამი ადრესატის რომელი კონკრეტული რეკლამა ან შეფუთვა მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ არაეთიკურად ან რაში გამოიხატა თავად ქმედების არაეთიკურობა.

ამასთან, GDI-ის განცხადებით, ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წარმოებული სამართლებრივი პროცესი გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება, რაც დაცულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საკონსტიტუციო პრაქტიკით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. 

GDI-ის მაგალითისთვის მოჰყავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Sekmadienis LTD v. Lithuania-ს საქმეზე, როდესაც სამეწარმეო სუბიექტის კომერციული მიზნით იესოსა და ღვთისმშობლის შედარებების გამოყენებისთვის დაჯარიმება სასამართლომ მე-10 მუხლის დარღვევად მიიჩნია. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მსგავს გამოხატვას ვინმეს რელიგიური გრძნობა რომც შეელახა, არ შეიძლება რომელიმე ხედვისა ან იდეოლოგიის სავალდებულოდ გამოცხადება და ინდივიდზე თავსმოხვევა, სახელმწიფოს კი არ გააჩნია არანაირი უფლება, ჩამოაყალიბოს შეხედულებათა სავალდებულო სისტემა. 

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ "დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით", ხოლო "დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანებს აქვთ თმენის ვალდებულება იმ მოსაზრებების მიმართ, რომელთაც ისინი არ იზიარებენ ან, თუნდაც თვლიან ზნეობრივად გაუმართლებლად." საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ "ზნეობრიობის საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა უარყოფით ეფექტს იქონიებს [გამოხატვის] თავისუფლებაზე იმდენად, რამდენადაც, უმეტეს შემთხვევაში, ძნელია ობიექტურად იმის განსაზღვრა, რა შეესაბამება ზნეობრივ ნორმებს და რა არა. ასეთი საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა გამყინავ ეფექტს იქონიებს [გამოხატვის] თავისუფლებაზე და შედეგად დააზარალებს მთლიანად საზოგადოებას,"- წერია GDI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქალაქო სასამართლოში ბრენდ "აიისას" დამფუძნებლის, ანი გაჩეჩილაძის, ინტერესებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) დაიცავს. 

"მას სრულ სამართლებრივ დახმარებას საერთო, ხოლო საჭიროების შემთხვევაში საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლშიც, გავუწევთ,"- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია. 

კომენტარები