საქართველოს ეკონომიკა

2019 წლიდან მაღაზიებმა ზუსტი ხურდის ნაცვლად, დამრგვალებული ხურდა უნდა გასცენ

იყიდეთ წვენი, რომელიც 99 თეთრი ღირს, სალარსოთან გადაიხადეთ 1 ლარი და ხურდად 1 თეთრი დაგიბრუნეს (რომელიც შესაძლოა არც აიღოთ). 

2019 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ხურდა ფულის დამრგვალება ხუთის ჯერად რიცხვებამდე იმოქმედებს. ანუ, 99-თეთრიანი წვენის ყიდვისას თქვენ 1-თეთრიან მონეტას აღარ დაგიბრუნებენ.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონთან ერთად, ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც. უქმდება 2011 წელს მიღებული მუხლი, რომელიც მაღაზიებს ხურდის 1 თეთრის სიზუსტით დაბრუნებას ავალდებულებდა. 

2019 წლის 1 იანვრიდან მიმოქცევიდან 1 და 2 თეთრიანები ამოვა

ორივე ცვლილების მიზეზი მიმოქცევიდან 1 და 2 თეთრიანი მონეტების ამოღებაა. საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოსახლეობა ამ მონეტებს პრაქტიკულად არ იყენებს, ხოლო მათი დამზადება და შენახვა მათ მსყიდველობით ღირებულებაზე ძვირი ჯდება. 

  • 1 ცალი 1 თეთრის მონეტის დამზადების ხარჯი შეადგენს - 0.021 ლარს;
  • 2 თეთრის მონეტის - 0.033 ლარს.

სებ-ს საქართველოს ეკონომიკის 1 თეთრიანებით მომარაგება ყოველწლიურად - 260 000 ლარი უჯდება. ხოლო 2 თეთრიანებით მომარაგების ხარჯი კი - 100 000 ლარი. 

"იმის გათვალისწინებით, რომ თანხის დამრგავლების პრინციპი გულისხმობს მის დამრგვალებას მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე, კანონპროექტის მიღება ნაღდი ფორმით ანგარიშსწორებისას გავლენას იქონიებს საქართველოს მოსახლეობაზე და მეწარმე სუბიექტებზე, რომელთაც რიგ შემთხვევებში შეუმცირდებათ ან გაეზრდებათ მისაღები შემოსავალი.

1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტებს გააჩნია დაბალი მსყიდველობითი უნარი, მიმოქცევაში დალექვის მაღალი პროცენტი, დამზადებისა და დამუშავების ტექნიკური სირთულეები. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ბანკს უწევს აღნიშნული ნომინალის მონეტების დამზადებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევა,"- წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

შესაბამისად, თქვენ ამ ცვლილებით ან წააგებთ, ან მოიგებთ. ისევე 99 თეთრიან წვენს თუ მივუბრუნდებით, თქვენი წაგება 1 თეთრი იქნება. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა 4-თეთრიანი მოგებაც ნახოთ. 

კომენტარები