საქართველოს ეკონომიკა

1-თეთრიანი მონეტის დამზადება 2 თეთრი ჯდება - 1 და 2-თეთრიანები მიმოქცევიდან ამოვა

კოლაჟი ტაბულა

2019 წლის პირველი იანვრიდან მაღაზიაში ხურდის სახით 1 თეთრიანს ვეღარ დაგიბრუნებენ - ამის მიზეზი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაა ამოიღოს მიმოქცევიდან ყველაზე დაბალი ნომინალის მონეტები: 1 და 2 თეთრიანები.

ამ მონეტების მიმოქცევიდან ამოღების მიზნით, ცვლილება შედის ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში დამრგავლების წესი იცვლება. ახალი წესებით, ქვეყანაში ხურდა ფულის დამრგვალება ხუთის ჯერად რიცხვებამდე იმოქმედებს. ანუ, 1.47-ლარიანი შენაძენის ყიდვისას თქვენ 3 თეთრის ნაცვლად 5 თეთრს დაგიბრუნებენ.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონთან ერთად, ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც. უქმდება 2011 წელს მიღებული მუხლი, რომელიც მაღაზიებს ხურდის 1 თეთრის სიზუსტით დაბრუნებას ავალდებულებდა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოსახლეობა ამ მონეტებს პრაქტიკულად არ იყენებს, ხოლო მათი დამზადება და შენახვა მათ მსყიდველობით ღირებულებაზე ძვირი ჯდება. 

  • 1 ცალი 1 თეთრის მონეტის დამზადების ხარჯი შეადგენს - 0.021 ლარს;
  • 2 თეთრის მონეტის - 0.033 ლარს.

სებ-ს საქართველოს ეკონომიკის 1 თეთრიანებით მომარაგება ყოველწლიურად - 260 000 ლარი უჯდება. ხოლო 2 თეთრიანებით მომარაგების ხარჯი კი - 100 000 ლარი. 

"იმის გათვალისწინებით, რომ თანხის დამრგავლების პრინციპი გულისხმობს მის დამრგვალებას მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე, კანონპროექტის მიღება ნაღდი ფორმით ანგარიშსწორებისას გავლენას იქონიებს საქართველოს მოსახლეობაზე და მეწარმე სუბიექტებზე, რომელთაც რიგ შემთხვევებში შეუმცირდებათ ან გაეზრდებათ მისაღები შემოსავალი.

1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტებს გააჩნია დაბალი მსყიდველობითი უნარი, მიმოქცევაში დალექვის მაღალი პროცენტი, დამზადებისა და დამუშავების ტექნიკური სირთულეები. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ბანკს უწევს აღნიშნული ნომინალის მონეტების დამზადებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევა,"- წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ქვეყნების სია, რომლებმაც ყველაზე დაბალი ნომინალის მონეტების ემისია მათი არაპრაქტიკულობიდან გამომდინარე შეწყვიტეს:

  • ახალი ზელანდია
  • ავსტრალია
  • სინგაპური
  • ფინეთი
  • შვეიცარია
  • დანია
  • ჩეხეთი
  • უნგრეთი
  • ისრაელი
  • ჰოლანდია

შესაბამისად, თქვენ ამ ცვლილებით ან წააგებთ, ან მოიგებთ. ისევე 99 თეთრიან წვენს თუ მივუბრუნდებით, თქვენი წაგება 1 თეთრი იქნება. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა 4-თეთრიანი მოგებაც ნახოთ. 

ასევე წაიკითხეთ: რატომ არ წყვეტს აშშ 1-ცენტიანი მონეტების მოჭრას იმის მიუხედავად, რომ თითოეული მონეტის დამზადება 1.5 ცენტი ჯდება

კომენტარები