თბილისის მეტრო

კალაძე: მიუღებელია ულტიმატუმის ენა, მეტრო იმუშავებს როგორც 3 მაისს, ისე სხვა დღეებში

თბილისის მერია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 3 მაისს მეტრო იმუშავებს. ის დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მეტროს მემანქანეების მიერ დაანონსებულ გაფიცვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიუღებელია ულტიმატუიმის ენით საუბარი.

"არაერთი შეხვედრა გაიმართა მერიაში, დედაქალაქის მთავრობასთან, სადაც ჩვენ მათ დეტალურად განვუმარტეთ ის რეალობა და ეკონომიკური ვითარება, რაც დღეს მუნიციპალიტეტში არსებობს და ძალიან კარგად იქნა მათთვის ახსნილი, რომ შეუძლებელია იმის დაკმაყოფილება, რასაც ითხოვენ.

ჩემთვის, ისევე როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის შრომა, რასაც ეს ადამიანები ეწევიან, ისევე როგორც მუნიციპალიტეტის სხვა სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანების არანაკლებ საპასუხისმგებლო საქმიანობა. ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ამის შედეგად როგორც მოქალაქეების, ასევე მუნიციპალიტეტის სისტემაში დასაქმებული ადამიანების შრომითი პირობების გაუმჯობესება" - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ ვერ მიიღებს მხოლოდ თანამშრომელთა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას.

"ჯერ კიდევ ოფიციალურად არ მქონდა მუშაობა დაწყებული, როდესაც მივედი სატრანსპორტო კომპანიაში და დავუდასტურე პატივისცემა. კარგად მაქვს გათვითცნობირებული და გააზრებული ამ ადამიანების შრომა, თუმცა ის დამოკიდებულება, ის მიდგომები, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ, სრულიად მიუღებელია. ასევე, სრულებით მიუღებელია, რომ ეს ადამიანები და პროფესიული კავშირის წევრები საუბრობენ სატრანსპორტო კომპანიისა და მუნიციპალიტეტის სახელით და ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან არა მხოლოდ მერიას, არამედ დედაქალაქის მოსახლეობას. ამ ადამიანებს შეუძლიათ ისაუბრონ საკუთარ გადაწყვეტილებებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე, რა თქმა უნდა, თუ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება. მაგრამ მეგობრებო, მეტრო გაიხსნება თუ არ გაიხსნება, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე და ვიღებთ ჩვენ - დედაქალაქის მთავრობა. მინდა, მკაფიოდ განვუცხადო ყველას, თქვენც, ვინც გაფიცვას აპირებთ და დაანონსებული გაქვთ, ასევე დედაქალაქის მოსახლეობას, რომ მეტრო იმუშავებს, როგორც 3 მაისს, ასევე, ნებისმიერ დღეს და მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას" - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მეტროს მემანქანეები ხუთშაბათიდან, 3 მაისიდან გაფიცვას გეგმავენ. ეს მათ თავად დააანონსეს და სადგურ რუსთაველთან გამაფრთხილებელი აქციაც გამართეს. პროფესიული კავშირის "ერთობა 2013“-ის წევრები თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან მეტროს მემანქანეებისთვის სახელფასო განაკვეთის გაზრდას ითხოვენ.

კომენტარები