სომხეთი

სომხეთში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია განახლდა

Reuters

სომხეთში საპროტესტო აქციები განახლდა. მომიტინგეებმა დედაქალაქ ერევნისაკენ მიმავალი გზები და აეროპორტის გზა გადაკეტეს. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია მას შემდეგ განახლდა, რაც სომხეთის პარლამენტმა ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი პრემიერმინისტრის პოსტზე არ დაამტკიცა.

კენჭისყრა გუშინ გაიმართა და 55 ხმით 45-ის წინააღმდეგ, სომხეთის პარლამენტმა ფაშინიანის კანდიდატურა ჩააგდო.

სომხეთის საპროტესტო გამოსვლების ლიდერი პოლიტიკური ალიანსის, იელკის მხრიდან პრემიერმინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად 30 აპრილს დასახელდა.

RIA News-ის მიხედვით პარლამენტი ჯერ-ჯერობით მუშაობას ვერ აგრძელებს, რადგან დეპუტატების ნაწილმა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა. კვორუმისთვის აუცილებელი 53 დეპუტატის ნაცვლად მხოლოდ 29 დარეგისტრირდა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერმინისტრის ხელახლა კენჭისყრა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 23 აპრილს სერჟ სარგსიანი, საპროტესტო გამოსვლების შედეგად, თანამდებობიდან გადადგა.

კომენტარები