ტურიზმი

Galt & Taggart: მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ტურიზმი გაორმაგდება

ანაკლიის ბულვარი
georgia.travel

"ტურიზმი სრული სვლით" - ამ სათაურით აქვეყენებს საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი საქართველოს ტურისტული სექტორის შესახებ ანალიტიკურ ანგარიშს. 

Galt & Taggart-ის მიმოხილვაში საუბარია, ქვეყნის მთლიან მოსახლეობასთან ტურისტების რაოდენობის შეფარდებაზე. 2017 წელს საქართველოში 7.5 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა, საიდანაც ტურისტად 3.5 მილიონი, რადგანაც ოფიციალური კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

შესაბამისად, ტურისტების ფარდობა საქართველოს 3.7 მილიონიან მოსახლეობასთან 1-ზე ნაკლებია. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კი ის 2 გახდება, ანუ ქვეყანა მის მოსახლეობაზე ორჯერ მეტ ვიზიტორს მიიღებს. 

Galt & Taggart-ის შეფასებით, მაღალი ალბათობით 2022 წლისთვის ტურისტული სექტორის შემოსავლები დღეს არსებული $2.8 მილიარდიდან $5.7 მილიარდამდე გაიზრდება.

კვლევაში ასევე საუბარია სასტუმროებზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებულ სხვაობაზე, რაც ტურიზმის სექტორში ინვესტირებას მომგებიანს ხდის.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2017 წლის მდგომარეობით ქვეყანაში 1.9 ათასი სასტუმროა რეგისტრირებული, ამ სასტუმროებში არსებული საწოლების რაოდენობა კი 66 ათასია. რეგიონების მიხედვით, თბილისი ლიდერობს, მასში 17.9 ათასი საწოლი ადგილია, აჭარის სასტუმროებში კი 12.1 ათასი საწოლია.

2017 წლისთვის ქვეყნების რეიტინგი ვიზიტორთა (და არა ტურისტთა) რაოდენობის მიხედვით ასე გამოიყურება:

  1. სომხეთი - 1.71 მილიონი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 14%;
  2. აზერბაიჯანი - 1.69  მილიონი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 11%;
  3. რუსეთი - 1.39 მილიონი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 34%;
  4. თურქეთი - 1.24 მილიონი ვიზიტორი, კლება წინა წელთან 0.8%;
  5. ირანი - 322 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 118%;
  6. უკრაინა - 193 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 10%;
  7. ისრაელი - 125 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 35%;
  8. ინდოეთი - 59 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 64%
  9. ყაზახეთი - 56 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 16%;
  10. საუდის არაბეთი - 56 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 164%;

კომენტარები