ქუთაისის აეროპორტი

სამინისტრო: ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი 2019 წლის დასაწყისში გაიხსნება

kutaisiairport.ge

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი 2019 წლის დასაწყისში, აეროპორტის სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გაიხსნება და ერთდროულად სამჯერ მეტ მგზავრს მიიღებს. პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. 

„ახალი ტერმინალის დასრულების შემდეგ გასამმაგდება ის შესაძლებლობა, რაც ქუთაისის აეროპორტს გააჩნია. დღეს აეროპორტი 300-მდე მგზავრს ემსახურება საათში და შესაძლებელი გახდება 1000-1100 მგზავრის მომსახურება. დღეს აეროპორტში 450 ადამიანი მუშაობს და მას შემდეგ, რაც ტერმინალი დასრულდება, მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნება და შესაბამისად, ახალი შესაძლებლობები გაჩნდება რეგიონში,“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მაისის ბოლოს სრულად დასრულდება რკინა-ბეტონის სამუშაოები, რის შემდეგაც დაიწყება რკინის კონსტრუქციების მონტაჟი.

"ახალი ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN Studio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი კი, IATA ქონსალთინგის მიერ არის გაკეთებული, რომელმაც ყველა იმ მომსახურების სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.

აეროპორტს 6 გასასვლელი ექნება. ახალი ტერმინალის მთლიანი ფართი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს" - აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.

კომენტარები