ლიტერატურა

საქართველოში მწერლები, ვლადიმირ სოროკინი და ბერნარ მორი ჩამოვლენ

ტაბულა

საქართველოში ცნობილი რუსი მწერალი, ვლადიმერ სოროკინი და ნორვეგიელი მწერალი ბერნარ მორი ჩამოვლენ.

ისინი თბილისის წიგნის ფესტივალის საპატიო სტუმრები იქნებიან, რომელიც 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით გაიმართება. 

მწერლები საქართველოში გამომცემლობებმა  „ინტელექტი“  და „არტანუჯი“  მოიწვია. სოროკინი და მორი თბილისში წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და ნორვეგიული ორგანიზაცია „ნორლას“ მხარდაჭერით ჩამოვლენ.

ვლადიმირ სოროკინი არაერთი რომანისა თუ პიესის ავტორია, მიღებული აქვს სხვადასხვა ნაციონალური თუ საერთაშორისო ლიტერატურული პრემია. მისი ბოლო წიგნის, „ქარბუქის“ წარდგენა 30 მაისს 19:00 საათზე საქართველოს მწერალთა სახლში შედგება.

რუსი მწერალი თავის ახალ რომანს  მომდევნო დღეს კი, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონშიც წარადგენს.

რაც შეეხება ბერნარ მორს - მისი საქართველოში ვიზიტი გამომცემლობა „არტანუჯმა“ დოკუმენტური რომანის „რატომ ირჩევენ რუსები პუტინს“ გამოცემას დაამთხვია. ნორვეგიელი მწერლის წიგნის პრეზენტაცია 1 ივნისს 19:00 საათზე ლიტერატურის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართება, მასთან შეხვედრის საშუალება მკითხველს იმავე დღეს, 14:00-ზე „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მთავარ სცენაზეც მიეცემა.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები