მერია აიისას წინააღმდეგ

4 მაისს სასამართლო საქმეზე "მერია აიისას წინააღმდეგ" გადაწყვეტილებას გამოიტანს

აიისა

2018 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლაშა თავართქილაძე, საქმეზე თბილისის მერია „აიისას“ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.​

პრეზერვატივების კომპანია აიისას-ს მფლობელის, ანი გაჩეჩილაძის მიმართ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 02 მაისს შედგა.

მერია მიიჩნევს, რომ პრეზერვატივაიისას“ შეფუთვაზე დატანილი ვიზუალიზაცია არაეთიკურია, რადგან ლახავს საზოგადოებრივ მორალს, კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის რელიგიურ გრძნობებსა და ეროვნულ ღირსებას. თბილისის მერია პრეზერვატივის მწარმოებლის დაჯარიმებას (500 ლარის ოდენობით) და მისთვის მსგავსი შეფუთვისა და რეკლამის სამომავლო გამოყენების აკრძალვას მოითხოვს.

ორგანიზაცია GDI, რომელიც სასამართლოში ანი გაჩეჩილაძის ინტერესებს იცავს, აღნიშნავს, რომ საქმის განხილვისას სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომლითაც დაცვის მხარე სასამართლოსგან საქმის განხილვის შეჩერებას მოითხოვდა, რათა დავა საკონსტიტუციო სასამართლოში, რეკლამის შესახებ კანონის იმ ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით გაეგრძელებინა, რომელთა შესაბამისადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იქნა შედგენილი და რომელიც ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას.

"წუხილს გამოვთქვამთ იმის გამოც, რომ მოსამართლემ სათანადო რეაგირების გარეშე ტოვებდა დარბაზში დამსწრე პირების მხრიდან აიისას წარმომადგენლების მიმართ შეურაცხმყოფელ წამოძახილებს, რეპლიკებსა და მერიის წარმომადგენელთან პროცესის მიმდინარეობისას კომუნიკაციას. სასამართლომ მხოლოდ ერთ მსგავს ეპიზოდზე მოახდინა რეაგირება და დიმიტრი ლორთქიფანიძის სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ვერ აკმაყოფილებდა კანონის ფორმალურ და მატერიალური მოთხოვნებს. ოქმი იყო დაუსაბუთებელი და ვიზუალური მასალის არაეთიკურობასთან დაკავშირებით მერიის წარმომადგენლის პოზიცია ეფუძნება აბსტრაქტულ შეფასებებს და მის სუბიექტურ წარმოდგენებს რელიგიის, მორალისა და ზნეობის შესახებ", - აცხადებს GDI და იმედს იტოვებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში იხელმძღვანელებს საქართველოს კონსტიტუციის და მის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციიისა და მის შესახებ პრეცედენტული სამართლის შესაბამისად და არ დააკმაყოფილებს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოთხოვნას, რადგან რელიგიური გრძნობებისა და ეროვნული ღირსების დაცვის მოტივით სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი გადაწყვეტილების მიღება ცენზურის სახიფათო პრეცედენტად იქცევა.

კომენტარები