სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სუს-მა თაღლითობის ფაქტზე მარტვილის მერიის წარმომადგენელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მარტვილის მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი დიმა წ. დააკავა. გარდა ამისა, ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში ამხილა 7 პირი (მარტვილის მერიასთან არსებული „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიის“ წევრები: კომისიის თავმჯდომარე გოჩა ხ; კომისიის თავმჯდომარის მოადგილე როლანდ წ; კომისიის წევრები გოგი ძ., ვლადიმერ წ. და ვაჟა გ; ასევე, ააიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის სპეციალისტი ჯონი ჯ და საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ყოფილი მდივანი ამბროსი ჭ). 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმა წ-მ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიის“ წევრებს გაანდო თავისი დანაშაულებრივი განზრახვა და სთხოვა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დახმარებოდნენ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებაში, რაზეც კომისიის წევრებისაგან თანხმობა მიიღო. 

დიმა წ. კომისიის წევრების დახმარებით და კომისიის მიერ 2017 წლის 11 აპრილს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 1044.4 კვ.მ მიწის ფართობს, რითაც სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი 7830 ლარის ოდენობით" - აცხადებს სუს-ი.

გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს) და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ფაქტზე (სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

კომენტარები