საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

მერიის სამი თანამშრომელი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს

0 კომენტარი
ფოტო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძოებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი და თბილისის მერიის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი კომპანიის სახელით 2017 წელს მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო (მთის კურორტი) მომსახურების შესყიდვას. არამართლზომიერი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა ყალბი მონაცემები შეიტანეს ფაქტიურად გაწეული მომსახურების ამსახველ დოკუმენტებში, კერძოდ 179 000 ლარის ღირებულების საკურორტო მომსახურება თითქოსდა გაეწია 600 პირს, მაშინ როდესაც, გაწეული მომსახურების ამსახველ დოკუმენტებში დაფიქსირებულ პირთა ნაწილს მომსახურება საერთოდ არ მიუღია, ხოლო ნაწილმა არასრული მოცულობით მიიღო", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 34 775 ლარს.

უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების სრულყოფილად შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს ევალებოდათ, თუმცა მათ არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა.

"არ გადაამოწმეს ტენდერით გათვალისწინებული საკურორტო მომსახურებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა და არ შეისწავლეს კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია გაწეული მომსახურების შესახებ, სადაც აშკარად იკვეთებოდა მონაცემების გაყალბების ფაქტი - ტენდერით გათვალისწინებული მომსახურებით მოსარგებლე პირთა ხელოვნურად გაზრდილი რაოდენობა და გაწეული მომსახურების მოცულობა. აღნიშნული ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3, ასევე 342-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები