აშშ-ის საზღვაო ფლოტი

აშშ მეორე საზღვაო ფლოტს რუსეთისგან მომავალი საფრთხეების გამო აღადგენს

Getty Images

აშშ ატლანტის ოკეანეში მეორე საზღვაო ფლოტს რუსეთისგან მომავალი საფრთხეების გამო აღადგენს.

ამის შესახებ აშშ-ის სანაოსნო ოპერაციების ხელმძღვანელმა, ადმირალმა ჯონ რიჩარდსონმა განაცხადა. მისი თქმით აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ნათლად ჩანს, რომ დიდი ძალების კონკურენციის ერა დაბრუნდა.

აშშ-ის მეორე ფლოტი 2011 წელს ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით დაიშალა. ახალი სტრატეგიით ფლოტის პრიორიტეტი ატლანტის ოკეანეში ჩინეთისა და რუსეთის ქმედებებისათვის პასუხის გაცემა იქნება.

მსგავსი მიზნებისათვის ერთობლივი ძალის შექმნას NATO-ც აპირებს. NATO-ს ინფორმაციით ბალტიის ზღვაში, ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილებსა და ჩრდილო-ყინულოვან ოკეანეში რუსული წყალქვეშა ნავების აქტივობა გახშირდა და ცივი ომის შემდგომ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.

აშშ-მა ორგანიზაციას ვირჯინიაში მეორე საზღვაო ფლოტის ბაზის გამოყენება შესთავაზა.

ჯერ-ჯერობით უცნობია როგორი იქნება ფლოტის შემადგენლობა და ვინ უხელმძღვანელებს მას.

აშშ-ის მეორე საზღვაო ფლოტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა და 2011 წლამდე 126 გემის, 4,500 საჰაერო ხომალდის და 90,000 პერსონალისგან შედგებოდა.

კომენტარები