ირანის ბირთვული შეთანხმება

ჰასან როუჰანი: ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვება ისტორიული შეცდომა იქნება

დონალდ ტრამპი, ჰასან როუჰანი
EPA

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ აშშ გააფრთხილა, რომ დონალდ ტრამპის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვების შემთხვევაში ქვეყანა "ისტორიული სინანულის" წინაშე დადგება.

"თუ ამერიკა შეთანხმებას დატოვებს, ამას ისტორიული სინანული მოჰყვება." განაცხადა მან სატელევიზიო გამოსვლაში და თქვა, რომ ირანს აქვს გეგმა, რომელსაც ტრამპის გადაწყვეტილებას დაუპირისპირებს.

ირანის პრეზიდენტის თქმით ქვეყანა იმდენ დაწესებულებას, იარაღს და რაკეტას შექმნის, რამდენიც საჭირო იქნება და ეს არავის საქმე არ არის.

"როდესაც საქმე იარაღზე და საკუთარი ქვეყნის დაცვაზე მიდგება, ჩვენ არავისთან შეთანხმებას არ ვაპირებთ." თქვა მან.

ჰასან როუჰანის თქმით შეთანხმებას მხოლოდ სამი ქვეყანა ეწინააღმდეგება - აშშ, ისრაელი და საუდის არაბეთი.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბორის ჯონსონი დღეს ვაშინგტონს ეწვევა და ბირთვული შეთანხმების საკითხს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯონ ბოლტონთან და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ 12 მაისამდე დონალდ ტრამპმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა აშშ ირანის ბირთვულ შეთანხმებას. მას უკვე ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარის საფრენგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან. ორივე მათგანი შეთანხმების შენარჩუნების მომხრეა. მაკრონთან შეხვედრისას, გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტებმა არსებული შეთანხმების გაფართოვებაზე და გაუმჯობესებაზეც ისაუბრეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აქვს არქივი, სადაც დაცულია ირანის ბირთვული გეგმების შესახებ მოპარული ინფორმაცია. მან ირანი ბირთვული იარაღის დამზადების გეგმების შესახებ სიცრუეში დაადანაშაულა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შენობაში, საზოგადოებას წარუდგინეს დოკუმენტები და დისკები, რომლებიც ისრაელის თქმით ამტკიცებს, რომ ირანი საერთაშორისო ატომურ სააგენტოს წლების მანძილზე ატყუებდა, როდესაც აცხადებდა, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურებოდა.

"ეს დოკუმენტები ამტკიცებს, რომ ირანი ურცხვად იტყუება მაშინ, როდესაც აცხადებს, რომ არასდროს ჰქონია ატომური იარაღის პროგრამა" თქვა მან.

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ამის მტკიცებულებას იანვარში "მოსადის" აგენტების მიერ თეირანში მდებარე საიდუმლო საწყობიდან მოპარული 55,000-გვერდიანი დოკუმენტები და 183 დისკი შეიცავს. საიდუმლო ოპერაციის შესახებ დონალდ ტრამპს ინფორმაცია იანვარში "მოსადის" ხელმძღვანელმა მიაწოდა.

ნეთანიაჰუს თქმით მათ უკვე მიაწოდეს მოპოვებული ინფორმაცია აშშ-ს.

ირანში ნეთანიაჰუს განცხადებებს "ბავშვური და სასაცილო თამაში" უწოდეს და ის შეაფასეს როგორც წინასწარ დადგმული შოუ რომელიც მიზნად ტრამპის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენას ისახავს.

დოკუმენტების გაცნობის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ისინი ავთენტურია და ჩანს, რომ ირანი სულ მცირე საკუთარ მოსახლეობას გამუდმებით ატყუებდა. პომპეოს თქმით დოკუმენტები ადასტურებს, რომ ბირთვული შეთანმება ტყუილებზეა დაფუძნებული.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა დონალდ ტრამპს მოუწოდა არ მიატოვოს ირანის ბირთვული შეთანხმება.

BBC-სთან საუბარში მან განაცხადა, რომ შეთანხმება "მნიშვნელოვან დიპლომატიურ გამარჯვებას" წარმოადგენს და მისი დატოვების შემთხვევაში ომის დაწყების რისკი გაიზრდება.

"ჩვენ არ უნდა ვთქვათ მასზე უარი თუ უკეთესი ვარიანტი არ გვექნება. ჩვენ საშიში დროების წინაშე ვართ." "მესმის, რომ ზოგიერთ ქვეყანას რეგიონში ირანის გავლენები ადარდებს, თუმცა ვფიქრობ, რომ უნდა გავმიჯნოთ საკითხები." თქვა მან.

კომენტარები