აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა: აშშ-ის რიტორიკა ნახევარკუნძულზე მიღწეულ პროგრესს საფრთხეს უქმნის

0 კომენტარი
ფოტო: flickr

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური სამაუწყებლო კომპანია KCNA ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებასა და აშშ-ის როლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების მიხედვით ორ ქვეყანას შორის ისტორიული სამიტის გამართვასა და შეთანხმების მიღწევაში აშშ-ის მხრიდან ზეწოლას და სანქციებს არავითარი როლი არ უთამაშია.

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს მოუწოდებს შეწყვიტოს შეცდომაში შემყვანი რიტორიკა ამის თაობაზე და გამიზნული პროვოკაციით საფრთხე არ შეუქმნას ნახევარკუნძულზე მოვლენების შემდგომ მშვიდობიან განვითარებას. გამიზნულ პროვოკაციად ჩრდიელოეთ კორეა სამხრეთ კორეაში აშშ-ის სტრატეგიული აქტივების განთავსებას და ადამიანის უფლებათა საკითხის წამოწევას მიიჩნევს.

"ეს ქმედება სხვანაირად ვერ აღიქმება, თუ არა საშიშ მცდელობად, გაანადგუროს რთულად მოპოვებული დიალოგის ატმოსფერო და სტუაცია კვლავ საწყის ეტაპზე დააბრუნოს." ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეისათვის დაწესებული სანქციების და შეზღუდვების მოხსნას არ აპირებს და წინა ადმინისტრაციების შეცდომას არ გაიმეორებს.

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებმა ერთობლივი სამიტის შემდეგ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები ნახევარკუნძულის სრული დენუკრეალიზაციისათვის მუშაობაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება ასევე მოიცავს ნახევარკუნძულზე სამხედრო შეიარაღების შემცირებას, მტრული ქმედებების შეწყვეტას, საზღვარზე არსებული დემილიტარიზებული ზონის მშვიდობის ზონად გადაქცევას და სხვა ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-სთან მრავალმხრივი მოლაპარაკებების წარმოებას.

ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის ტესტირების პოლიგონებს მაისში დახურავს, რის შემდეგაც ქვეყანა გადადგმული ნაბიჯის შეფასებისთვის საერთაშორისო ექსპერტებსა და ჟურნალისტებს მიიწვევს.

ამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის თქმით ჩრდილოეთ კორეასთან დაპირისპირების დასრულებასა და კორეის ნახევარკუნძულის სამომავლო დენუკლეარიზაციაში გაწეული წვლილისათვის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს.

უახლოეს მომავალში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა იგეგმება. შეხვედრის დეტალების შესათანხმებლად რამდენიმე კვირის წინ ჩრდილოეთ კორეას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვია. სავარაუდოდ, ის მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში შედგება, თუმცა ამ დრომდე უცნობია შეხვედრის ადგილი. დონალდ ტრამპმა ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა და შესაძლო ლოკაციად ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებული დემილიტარიზებული ზონა დაასახელა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები