აშშ-თურქეთი

ჩავუშოღლუ: თუ აშშ თურქეთისთვის იარაღის მიყიდვას შეაჩერებს, საპასუხო ზომებს მივიღებთ

მევლუთ ჩავუშოღლუ
Reuters

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით თუ აშშ მიიღებს კანონს თურქეთისათვის იარაღის მიყიდვის შეჩერების თაობაზე, ისინი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამენ.

თურქეთისათვის იარაღის მიყიდვის დროებით შეჩერების კანონზე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა მუშაობს.

აშშ-ის ეროვნული თავდაცვის კანონპროექტი ითვალისწინებს თავდაცვის დეპარტამენტის მიერ კონგრესისასთვის ანგარიშის წარდგენას თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობაზე, რაც ანგარიშის მომზადებამდე თავდაცვის იარაღის მიყიდვას შეაფერხებს. თურქეთი აშშ-სგან 100-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავის და რაკეტების შეძენას გეგმავს.

ჩავუშოღლუს თქმით კანონი არალოგიკურია და NATO-ს მოკავშირეებისათვის შეუსაბამო.

"თუ აშშ სანქციებს დაგვიწესებს, ან მსგავს ნაბიჯს გადადგამს, თურქეთი აუცილებლად გასცემს პასუხს. აშშ-მა ამაზე უარი უნდა თქვას." განაცხადა ჩავუშოღლუმ.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში თურქეთმა რუსეთისაგან S-400 ტიპის სარაკეტო სისტემის შეძენის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამან NATO-ს წევრ ქვეყნებში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ეს სარაკეტო სისტემა NATO-ს სისტემებთან შეუთავსებელია.

"თურქეთი არ არის ქვეყანა, რომელიც თქვენს ბრძანებებს ემორჩილება, ის დამოუკიდებელი ქვეყანაა. ასეთი ქვეყნისათვის ზემოდან ლაპარაკი და იმის კარნახი, თუ რა შეუძლია იყიდოს და რა არა, არ არის სწორი მიდგომა და არ შეეფერება ჩვენს ალიანსს." თქვა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

თურქეთი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ქურთი მებრძოლების და ე.წ. ისლამური სახელმწიფოსაგან მომავალი საფრთხით ხსნის.

მომდევნო კვირას აშშ-ში მევლუთ ჩავუშოღლუსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეხვედრა იგეგმება.

კომენტარები