თბილისის მეტრო

მეტრო გურამიშვილი გაიხსნა

მეტროსადგური გურამიშვილი გაიხსნა. სადგურმა მგზავრთა მიღება ჩვეულ რეჟიმში განაახლა. თბილისის მერიის ცნობით, გურამიშვილზე ნაწილობრივ დასრულდა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები - გარემონტდა ზედა ვესტიბიული და დახრილი გვირაბი.

"რეაბილიტაციის ფარგლებში, გასუფთავდა და შეიღება ზედა ვესტიბიულის და დახრილი გვირაბის თაღები, დამონტაჟდა ახალი ენერგოეფექტური სანათები, შეიცვალა დაზიანებული მარმარილოს ფილები, კედლები დასუფთავდა და დამუშავდა სპეციალური ხსნარით, რის შემდეგაც მოხდა მათი პოლირება სპეციალური ტექნოლოგიით.

ასევე, შეიცვალა მეტროსადგურის შესასვლელი კარი და ვიტრაჟი, კონტროლიორის ჯიხურები და დამონტაჟდა მგზავრთა ნაკადის გამყოფი ახალი ბარიერები. აღნიშნული სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობდა მომსახურე პერსონალის ოთახების რემონტი და კეთილმოწყობა" - აცხადებს თბილისის მერია და აღნიშნავს, რომ პარალელურად, სადგურის ქვედა ბაქანზე მოიხსნა ბეტონის თაღის წყალამრიდი ქოლგა.

"დაიგეგმა მოსაცდელი ბაქნის სალიანდაგო ბეტონის და არსებული თაღის კვლევითი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, განახლდება ქვედა სადგურის პროექტირება-რეაბილიტაცია. ქვედა ბაქანის სარემონტო პროცესი იწარმოებს ღამის საათებში და არ გამოიწვევს მგზავრთა გადაადგილების შეფერხებას" - აცხადებს მერია.

სარემონტო სამუშაოების გამო, მეტრო გურამიშვილი 20 იანვარს დროებით დაიხურა. 

კომენტარები