სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებები

ბერა: მე და ჩემს ოჯახს გვაქვს ბასიანზე მომხდარი "მკვლელობების" გამოძიების სურვილი

0 კომენტარი
ფოტო: BERA

ბერა ივანიშვილი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებით რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ამბობს, რომ კლუბში მკვლელობები მოხდა. 

ივანიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ კლუბი ბასიანი მისი არასდროს ყოფილა და ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში მისი დადანაშაულება მიუღებელია. ამ კონტექსტში ბერას კრიტიკის ობიექტები ნაციონალური მოძრაობის წევრი, მეგი გოცირიძე, კლუბი ბასიანის ხელმძღვანელობა და ჟურნალისტები არიან. 

"მივმართავ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მათ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს: ვიცი, თქვენ ჩემი სტატუსი არც გაგაწითლებთ და არც მონანიების სურვილს აღგიძრავთ, ვინაიდან თქვენმა არაერთმა რეპლიკამ, სტატუსმა და მოგონილმა ზღაპარმა დამარწმუნა ამაში. მაგალითად, ქალბატონ მეგი გოცირიძეს არც მაშინ შერცხვენია, როცა გამოგონილი ამბავი მამას ინსულტის შესახებ მთელი მონდომებით აიტაცა და აპიარა და არც მაშინ, როცა, თითქოს სამძიმრის სახით, გვირგვინი დადო ბებიას სახლის ჭიშკართან. რომ არა ის ორი ფაქტორი, რომ ქალბატონი ბრძანდებით და ასაკით ბებიად მეკუთვნით - საქმეს სხვანაირად წარვმართავდი და პასუხსაც გაგებინებდით. თუმცა, თქვენდამი ჩემი ასეთი ყურადღება ძალიან დიდი პატივი იქნებოდა. ისიც ვიცი, თქვენნაირი მენტალობის ადამიანებს მორალის თემები არც ესმით და არც აწუხებთ.

მივმართავ მათ, ვინც პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე, ვალდებულნი არიან ესმოდეთ რას ნიშნავს უსაფუძვლო ბრალდება და ცილისწამება - ჟურნალისტებს: სანამ ჩემ წინააღმდეგ ცილისმწამებელ ინფორმაციას გამოიყენებთ, ერთი დამამტკიცებელი საბუთი მაინც მოიძიეთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ნამდვილად მოგთხოვთ პასუხს კანონის ფარგლებში.

​და ბოლოს, ვისაც შეგიძლიათ თეთრის შავისგან გარჩევა და სიმართლის დანახვა: კლუბი „ბასიანი“ ჩემი არასდროს ყოფილა, არც რამე კავშირი მაქვს მის მფლობელებთან და არასდროს ვყოფილვარ ამ დაწესებულებაში. პირადად მე და მთელს ჩემს ოჯახს დიდი სურვილი გვაქვს ამ კლუბში მომხდარი „მკვლელობების“ გამოძიებისა და დამნაშავეების სასტიკი დასჯის. იმედია ასეც მოხდება.

მე კი გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას.
მუდამ თქვენი ბერა", - წერს ივანიშვილი. 

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებით, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა. შსს 4 ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებს, თეთრი ხმაურის მოძრაობაში კი ამბობენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი, სავარაუდოდ, ორ ათეულს აღწევს. 

ამ დროს არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები არა კლუბში, არამედ სახლებში, ძილის დროს დაიღუპნენ. როგორც "თეთრი ხმაურის მოძრაობაში" ამბობენ, ამ კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ ისინი სახლებში წავიდნენ და დაიძინეს, რის შემდეგაც პირღებინება დაეწყოთ, რამაც, თავის მხრივ, მათი სასუნთქი გზები გადაკეტა და სიკვდილი გამოიწვია. 

მოძრაობის წევრის, ბექა წიქარიშვილის თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ დაზარალებულ ადამიანებს მიზანმიმართულად არ მიუღიათ ე.წ ოპიატური ნივთიერებები - ისინი მოატყუეს, ეგონათ, რომ მსუბუქ კლუბურ ნარკოტიკებს - ექსტაზს ან MDMA-ის იღებდნენ, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ 4 შემთხვევაზე, რომელსაც თავად ადასტურებს, გამოძიებას სისხლის სამართლის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს. 

ამ ეტაპზე, მსხვერპლის და ლეტალური შედეგების თავიდან აცილების მიზნით თეთრი ხმაურის მოძრაობა ყველას მოუწოდებს, არ მიიღოს არც ერთი ტიპის ნარკოტიკული საშუალება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები