რუსეთი

რუსეთში ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის ცერემონია მეოთხედ გაიმართა

ვლადიმირ პუტინი
Reuters

რუსეთში ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. ის ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს მომდევნო 6 წლის მანძილე დაიკავებს.

ფიცის დადების ცერემონია კრემლში გაიმართა. ეს მისი მეოთხე საპრეზიდენტო ვადა იქნება.

ცერემონიის შემდეგ გაკეთებულ გამოსვლაში პუტინმა თქვა, რომ მომდევნო ექვსი წლის მანძილზე რუსეთი ძლიერი მოთამაშე იქნება მსოფლიო სცენაზე და მას ზურგს ძლიერი სამხედრო ძალა გაუმაგრებს.

"ამ პოსტის დაკავებით კოლოსალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ჩემი ცხოვრების და მოღვაწეობის მიზანი ხალხის და სამშობლოს მსახურებაა." თქვა მან.

ცერემონიას რუსეთის მთავრობის წარმომადგენელები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ. მათ შორის გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი.

შეგახსენებთ, რომ 5 მაისს რუსეთის 10 ქალაქში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა სახელწოდებით "ის ჩვენი მეფე არ არის".

რუსული მედიის მიხედვით აქციებზე ჯამში 1300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ შორის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნიც. აქციები სწორედ ნავალნის ორგანიზებული იყო. ის მომდევნო დღეს გაათავისუფლეს.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართა და ამომრჩეველთა ხმების 75%-ზე მეტი ვლადიმირ პუტინმა მიიღო.

ვლადიმერ პუტინისთვის ეს რიგით მე-4 საპრეზიდენტო ვადა იქნება. პირველად ის პრეზიდენტი 2000 წელს გახდა, მან რუსეთის პირველი პრეზიდენტი ბორის ელცინი ჩაანაცვლა. მეორე ვადით პუტინი 2004 წელს აირჩა და 2008 წლამდე ეკავა თანამდებობა. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ ადამიანს მიყოლებით 2-ზე მეტჯერ პრეზიდენტობა არ შეუძლია, პუტინმა მომდევნო 4 წლით პრემიერმინისტრის სკამზე გადაინაცვლა, 2012 წელს კი კვლავ პრეზიდენტი გახდა. გაზრდილი საპრეზიდენტო ვადის გამო, ამჯერად უკვე 6 წლით. 

კომენტარები