ინდოეთი

ინდოეთში გაუპატიურებისთვის კაცს 100 ბუქნი მიესაჯა, ამის შემდეგ, მან მსხვერპლი ცოცხლად დაწვა

CNN

კვირას, ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ჯარხანდის შტატში, 16 წლის გოგონას ჯგუფურ გაუპატიურებასა და მის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი დანუ ბუაინი დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, ბუაინმა გოგონა სახლიდან მაშინ მოიტაცა, როდესაც მისი ოჯახის წევრები ქორწილში იმყოფებოდნენ. შემდეგ, ახლომდებარე ტყეში მიიყვანა და 20-მდე სხვა კაცთან ერთად გააუპატიურა. ამისთვის ოჯახმა ბუიანს უჩივლა. გაუპატიურებაში მთავარ ბრალდებულს სასამართლომ 100 ბუქნი და 50,000 რუპიის გადახდა (750 დოლარი) დააკისრა. როგორც BBC წერს, სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტზე გაბრაზდა დანუ ბუაინი. ის თანამზრახველებთან ერთად, ჯერ გოგონას მშობლებს დაესხა თავს, შემდეგ კი, მათი სახლი გადაწვა, სადაც გაუპატიურების მსხვერპლიც იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად გოგონა გარდაიცვალა. 

“ჩვენ ვსწავლობთ საქმეს და ოჯახს ვპირდებით, რომ დამნაშავე აუცილებლად დაისჯება” - თქვა გენერალმა შამბუ თაკურმა.

სახლის გადაწვის შემდეგ დააპატიმრეს სოფლის პოლიციის მეთაურიც - გამოძიების განცხადებით, მან დამნაშავეს მიუსაჯა ისეთი სასჯელი, რამაც ის სხვა ადამიანის მკვლელობამდე მიიყვანა.

ჯარხანდის მინისტრმა, რაგუბარ დასმა, მოითხოვა, რომ დამნაშავეები უმკაცრესად დასაჯონ და დაზარალებულ ოჯახს კომპენსაციის სახით 100,000 რუპია გადასცენ.

National Crime Records Bureau-ს ინფორმაციით, ინდოეთში ყოველდღიურად დაახლოებით 100 გაუპატიურების ფაქტი ფიქსირდება. 2016 წელს მსგავსი შემთხვევების რიცხვმა 39,000-ს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტია.

კომენტარები