სექსუალური ძალადობა

ნიუ-იორკის გენ. პროკურორი სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების შემდეგ გადადგა

New York Post

ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ერიკ შნაიდერმენმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ჟურნალ The New Yorker-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც 4 ქალი მას სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. 

"დიდი პატივი და პრივილეგია იყო შტატ ნიუ-იორკის მოსახლეობისთვის გენერალურ პროკურორად მემსახურა. ბოლო რამდენიმე საათში სერიოზული ბრალდებები წამიყენეს, რომელსაც მე კატეგორიულად არ ვაღიარებ," - განაცხადა შნაიდერმენმა დღეს, 8 მაისს გაკეთებულ განცხადებაში. 

CNN-ის ცნობით, გენერალური პროკურორის განცხადების შემდეგ, მანჰეტენის პროკურატურამ შნაიდერმენის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების გამო გამოძიება დაიწყო. 

შნაიდერმენი დემოკრატიული პარტიის ამომავალ ვარსკვლავად იწოდებოდა, ის აკრიტიკებდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და აქტიურად იცავდა ქალთა უფლებებს, მათ შორის ჩართული იყო #metoo (მეც) კამპანიაში. 

შნაიდერმენის გადადგომას წინ The New Yorker-ის სტატია უძღოდა, სადაც 4 ქალი მას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა. აქედან ორი ქალი მიშელ მენინგ ბერიში და ტანია სელვარატნამი ჟურნალთან ინტერვიუში ყვება, რომ ისინი რომანტიკულ ურთიერთობაში იყვნენ შნაიდერმენთან, თუმცა ძალადობაზე არ დათანხმებულან. ამასთან, სტატიაში წერია, რომ ძალადობა, როგორც წესი, მას შემდეგ ხდებოდა, რაც შნაიდერმენი დალევდა. 

The New Yorker-ის ცნობით, მენინგ ბერიში და სელვარატნამი ამბობენ, რომ ნიუ-იორკის აწ უკვე ყოფილი გენერალური პროკურორი მათ სცემდა და ამის გამო, მათ მოგვიანებით სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ შნაიდერმენი მათ, სხვა მუქარებთან ერთად, ტელეფონის მოსმენითაც ემუქრებოდა. 

"მე არ შემეძლო, ჩუმად ვყოფილიყავი და დავლოდებოდი სხვა ქალებს, რომ ჩემ გამო გაბედულები ყოფილიყვნენ. მე ვერ მივატოვებდი ჩემს დებს, რომლებიც ასევე არიან ძალადობის მსხვერპლები, როცა მე სიმართლე ვიცოდი,"- დაწერა მენინგ ბერიშმა Facebook-ზე. 

CNN-ის ცნობით, სელვარატნამმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ არსებობდნენ სხვა ქალები, რომლებსაც შნაიდერმენი ავიწროვებდა, ის დაფიქრდა იმაზე, ვინ იქნებოდა შემდეგი. 

"ასე რომ, გადავწყვიტე ხმა ამომეღო, რადგან დამეცვა ის ქალები, რომლებსაც მომავალში მასთან ურთიერთობა მოუნდებოდათ,"- თქვა სელვარატნამმა. 

შნაიდერმენმა დღეს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ პარტნიორის თანხმობის გარეშე სექსი ის ხაზია, რომელსაც არასდროს გადაკვეთს. 

"ჩემს ინტიმურ ურთიერთობებში მე ვიყავი როლური თამაშებისა და სხვა შეთანხმებული სექსუალური აქტივობების მომხრე. მე არასდროს არავისზე მიძალადია. მე არასოდეს მქონია სექსი შეთანხმების გარეშე, ეს არის ხაზი, რომელსაც არასდროს გადავკვეთ," - დაწერა მან. 

შნაიდერმენის ყოფილმა ცოლმა ჯენიფერ კანინგემმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ყოფილ მეუღლეს. მისი თქმით, ეს ბრალდებები აბსოლუტურად არათავსებადია იმ კაცთან, რომელსაც ის იცნობს. 

"დაახლოებით, 35 წელია, ერიკს ვიცნობ, როგორც ქმარს, მამასა და მეგობარს. ეს ბრალდებები აბსოლუტურად არათავსებადია იმ კაცთან, ვისაც მე ვიცნობ, ვინც ყოველთვის იყო მაღალი ღირებულებების მქონე და მოსიყვარულე მამა. შეუძლებელია, რომ ეს ბრალდებები დავიჯერო,"- თქვა კანინგემმა. 

კიდევ ორი ქალი, რომელიც სტატიაში ანონიმურად ამჯობინებს დარჩენას, ადანაშაულებს შნაიდერმენს ფიზიკურ ზეწოლაში. The New Yorker-ის ცნობით, ერთერთი მათგანი პროფესიით პროკურორია, რომელიც ნიუ-იორკის პროკურატურაში მაღალ თანამდებობას იკავებდა. ქალი ამბობს, რომ როდესაც მან შნაიდერმენს უარი უთხრა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა იმდენად ძლიერად დაარტყა სახეში ხელი, რომ ნაიარევი მომდევნო დღეების მანძილზეც ეტყობოდა. 

კომენტარები