ფინანსები

სებ: 500 ლარზე ნაკლები ხელფასის დროს, სასესხო ტვირთი მაქსიმუმ 75 ლარი უნდა იყოს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი ქვეყნის საკრედიტო ბაზრის რეფორმირებას გეგმავენ. 7 მაისიდან უკვე ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომლის შედეგადაც კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადახდისუნარიანობის ადეკვატური შეფასების გარეშე სესხების გაცემაზე ლიმიტები დაუწესდათ. ამავდროულად, იგეგმება ახალი ნორმის მიღება, რომელიც მოსახლეობას ლომბარდებში ავტომობილებისა და უძრავი ქონების ჩადებას აუკრძალავს. კიდევ ერთი ცვლილებით კი ქვეყანაში სესხების განაკვეთზე წესდება ახალი ჭერი 50%-ის ოდენობით. შესაბამისად იკრძალება იმ სესხების გაცემა, რომელთა ეფექტური საპროცენტო განაკვეთიც 50%-ზე მაღალია. 

ცვლილებათა პაკეტის ნაწილია შემოსავლების ჯგუფების მიხედვით, სესხის ყოველთვიური მომსახურების ტვირთის ლიმიტების განსაზღვრა. ეროვნული ბანკის პროექტის მიხედვით, განსაზღვრულია 7 საშემოსავლო საფეხური. 

7 საშემოსავლო საფეხური, ეროვნული ბანკის მიხედვით ასე გამოიყურება:

  1. თვეში 500 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 15%, ანუ 75 ლარამდე;
  2. თვეში 500-1,000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20%, ანუ 200 ლარამდე;
  3. თვეში 1,000-2,000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 25%, ანუ 500 ლარამდე;
  4. თვეში 2,000-4,000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 30%, ანუ 1,200 ლარამდე;
  5. თვეში 4,000-8,000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 35%, ანუ 2,800 ლარამდე;
  6. თვეში 8,000-16,000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 40%, ანუ 6,400 ლარამდე;
  7. თვეში 16,000 ლარზე მეტი - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 50%, ანუ 8,000 ლარამდე.

ახალი წესი ნიშნავს, რომ თუ თქვენი ხელფასია 500 ლარი თქვენ ვერ შეძლებთ ერთი წლით აიღოთ 1000 ლარიანი სესხი. რადგანაც ამ შემთხვევაში ყოველთვიური სასესხო ტვირთი 75 ლარს ანუ ყოველთვიური ხელფასის 15%-ს აღემატება. დავუშვათ რომ ისევ 500 ლარია თქვენი შემოსავალი და გადაწყვიტეთ აიღოთ ერთწლიანი საგანვადებო სესხი 700 ლარის ოდენობით ახალი ტელეფონის შესაძენად. ამ ერთი წლის განმავლობაში თქვენ გაუთვალისწინებელი ხარჯი დაგიდგათ, რისთვისაც ახალი სესხის აღება გესაჭიროებათ. თუმცა იმის გამო, რომ ლიმიტი შევსებული გაქვთ საკრედიტო დაწესებულებები ფულს ვეღარ მოგცემენ.

ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ინიციატივამ არაფორმალური სესხები წაახალისოს.

წაიკითხეთ უფრო ვრცლად - როგორ გაურთულებს ახალი რეგულაციები ერთ მილიონამდე ადამიანს სესხის აღებას

კომენტარები